ვარშავის ეროვნული სტადიონი, სადაც ნატოს სამიტი იმართება. ფოტო: ნატო
ნატოს ვარშავის სამიტის მონაწილეებისთვის მომზადებულ ერთობლივ დეკლარაციაში, საქართველოს პარლამენტის ექვსმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის ოპოზიციურმა და მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების უმეტესობამ, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
დეკლარაციას ასევე მოაწერეს ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
„ამ დოკუმენტის ხელმომწერ საქართველოს პოლიტიკურ საპარლამენტო პარტიებს წარსულიდან მოყოლებული აქვთ არსებითი საშინაო პოლიტიკური უთანხმოება. თუმცა ჩვენ ერთიანი ვართ ერთ პრინციპთან დაკავშირებით: საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილი, ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოებას და მიისწრაფვის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაცისკენ“, – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 8 ივლისს გაავრცელა ვარშავაში ნატოს სამიტის გახსნის ფონზე.
დეკლარაციას ხელს აწერენ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, მთავრობაში მისი კოალიციური პარტნიორი რესპუბლიკური პარტია, მისი კოალიციური პარტნიორი პარლამენტში კონსერვატიული პარტია, ასევე ეროვნული ფორუმი, რომელმაც კოალიცია ქართული ოცნება აპრილში დატოვა; ასევე ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები. მრეწველთა პარტია, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორი პარტიაა პარლამენტში და რომლის ლიდერებმაც უკვე რამდენჯერმე გამოთქვეს ნატოს საწინააღმდეგო პოზიცია, დეკლარაციას არ შეუერთდა.
დოკუმენტში, სახელწოდებით „პარტიული დეკლარაცია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ“, ნათქვამია, რომ „საქართველოს სურს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანიტკური საზოგადოების კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დემოკრატიასა და კეთილდღეობაში“.
„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს წინაშე რეგიონში არსებულ განსაკუთრებულ გამოწვევებს“, – ნათქვამია დეკლარაციაში, „ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელმაც მის მიერ კონტროლირებადი რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საქართველოში 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიისა და 2008 წელს მისი ინტერვენციის შედეგად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, რომელიც მოცულია ტერიტორიული დავებით და გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებთან. თუმცა ჩვენი მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური და ენერგეტიკული დერეფანი“.
„ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი მეზობლების ქმედებებს და არ უნდა ვიყოთ მათი ქმედებების მძევლები. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ მხარს ვუჭერთ კეთილმეზობლური ურთიერთობების, თავისუფალი და ღია ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პრინციპებს. არასდროს არ ვიქნებით პირველები, ვინც გამოიყენებს ძალას ჩვენს სამეზობლოში. თუმცა, ასევე მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აცხადებენ ხელმომწერები.
„ჩვენ მივისწრაფვით ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან ევროკავშირში, ნატო-სა და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს სრული ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერისკენ”, – ნათქვამია დეკლარაციაში.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ვარშავაში ნატოს სამიტისთვის იმყოფება, განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს 8 ივლისს, რომ დეკლარაცია „მნიშვნელოვანი დოკუმენტია“, რომელიც საქართველოს ნატოს მისწრაფებებზე პოლიტიკური ძალების ერთიანობის დემონსტრირებას ახდენს.
„მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიებს – როდესაც, საკითხი ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
იმავდროულად, საქართველოში მოქმედმა დაახლოებით 70-მა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ერთობლივი წერილით მიმართა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, სადაც განაცხადა: „საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ვარშავის სამიტზე გამოიკვეთოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა“.
"ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და დაეხმარება ამ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს გააძლიერებს მშვიდობას და ხელს შეუწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს, უფრო გააძლიერებს დემოკრატიულ ძალებს და ამით მოემსახურება მთელი ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესებს", – აცხადებს ქართული არაამთავრობო ორგანიზაციების დიდი ჯგუფი.
„ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს რუსეთის აგრესიის შემაკავებელი კონკრეტული ზომების გასატარებლად და გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია 23 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)