საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიმდინარე კვირას სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 8 ივლისს.
იგი უკრაინელ კოლეგას, გენერალ ვიქტორ მუჟენკოს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
„ყურადღება გამახვილდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი სწავლებების ჩატარებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე“, – აცხადებს სამინისტრო.
ამავე ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი თემა დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია იყო. 34-მა უკრაინელმა სამხედრომ რეაბილიტაციის კურსი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში გაიარა.
„ჩვენ უამრავი საკითხი გვაქვს განსახილველი და გამოცდილება გასაზიარებელი. ვგულისხმობ რუსეთ-საქართველოს ომს, სამხედროების განთავსების მომზადებას; არმიაში მოხალისეთა ფორმირებებს, საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციას“, – განაცხადა გენერალმა მუჟენკომ 5 ივლისს თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის გენშტაბის უფროსი, გენერალი მუჟენკო საქართველოს 2015 წლის ოქტომბერში სტუმრობდა.
გენერალ-მაიორი კაპანაძე ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეფან პოლტორაკსაც შეხვდა.
„შეხვედრაზე გენერლებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კიევის შემდეგ გენერალ-მაიორი კაპანაძე ლვოვს ესტუმრა, სადაც სამხედრო სწავლებას „Rapid Trident 2016“ -ის მიმდინარეობას გაეცნო.
სწავლებაში 13 ქვეყნის (უკრაინა, აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ლიტვა, თურქეთი, რუმინეთი, საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი, ნორვეგია და შვედეთი) 1800-ზე მეტი, მათ შორის 8 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)