Site icon Civil.ge

ნატო და საქართველო თანამშრომლობის „გაძლიერების ახალ ნაბიჯებზე“ შეთანხმდნენ



ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ალიანსის ვარშავის სამიტის ფარგლებში, 2016 წლის 8 ივლისი. ფოტო: ნატო

ნატო და საქართველო „ახალ ნაბიჯებზე“ შეთანხმდნენ  ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მათ შორის საჰაერო თავდაცვის და მეთვალყურეობის სფეროში, განაცხადეს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 8 ივლისს ნატოს ვარშავის სამიტზე ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.   
 
საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნატო-საქართველოს კომისიამ განაცხადა, რომ „ახალი ინიციატივები“ ასევე მოიცავს საქართველოს გაზრდილ მხარდაჭერას წვრთნისა და განათლების, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით.
 
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „მიესალმნენ საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიულ განხილვაში“ და განაცხადეს, რომ ალიანსი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
 
აღინიშნა რა „მნიშვნელოვანი პროგრესი“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც ალიანსმა 2014 წლის უელსის სამიტზე მიიღო, ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება იმ ქმედებებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ამ მიმართულებით ბოლო ორ წელიწადში განხორციელდა.  
 
ეს ქმედებები მოიცავს საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ამოქმედებას  – ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობას დაევალა JTEC-ის ჩართვა ალიანსის წვრთნისა და სწავლებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ამასთან, საქართველოში იმყოფება 30-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების ექსპერტი, რომლებიც ხელს უწყობენ უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების გატარებას, მათ შორის კიბერ უსაფრთხოების, ავიაციისა და ლოჯისტიკური მიმართულებებით. გაიხსნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, სადაც ამ თვეში პირველი საპილოტე კურსი ჩატარდება. პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა და მიმდინარე წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს მომდევნო წვრთნა ჩატარდება.
 
„ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს გააძლიეროს მისი თავდაცვითი, თავსებადობისა და მდგრადობის შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარებას, შესაძლო ნდობის ფონდის (Trust Fund) საშუალებით და ასევე დახმარებას სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით. მოკავშირეები დახმარებას გაუწევენ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით“, – ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის განცხადებაში.
 
„როგორც არსებული, ასევე ახალი ინიციატივების მიზანია ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერება. აღნიშნული ინიციატივები ასევე ეხმარებიან საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წინ წაიწიოს გაწევრიანების მზადების პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
2015 წლის დეკემბრის მსგავსად, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაიმეორეს, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან „მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად“, თუმცა აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანებამდე ქვეყანამ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ეტაპი უნდა გაიაროს, რომელზეც საქართველოს უარს 2008 წლიდან ეუბნებიან.
 
MAP-ის მინიჭება საქართველოსთვის ვარშავის სამიტზე მოსალოდნელი არ იყო.
 
საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაიმეორეს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
 
„მდგრადი პროგრესი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ“
 
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა „მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ უფრო ძლიერი დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური თავდაცვითი ინსტიტუტებისა და მოდერნიზებული შეიარაღებული ძალების მიმართულებით მიღწეულ  მდგრად პროგრესს“.
 
მათ ასევე „მოუწოდეს საქართველოს რეფორმების არსებული დინამიკის შენარჩუნებისკენ, რომლის მხარდაჭერასაც ნატო გააგრძელებს“.
 
„ნატო-ს მინისტრებმა გამოთქვეს იმედი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
განცხადების თანახმად, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ელჩები საქართველოს შემოდგომაზე ესტუმრებიან.
 
ეს საბჭოს მეოთხე ვიზიტი იქნება საქართველოში; პირველი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში გაიმართა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისია დაფუძნდა; დანარჩენი ორი ვიზიტი 2011 წლის ნოემბერში და 2013 წლის ივნისში შედგა.
 
ალიანსმა გაიმეორა, რომ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს „მნიშვნელოვან წვლილს“ ნატოს მისიაში ავღანეთში და განაცხადა, რომ ეს, ისევე როგორც საქართველოს წვლილი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, წარმოაჩენს საქართველოს „მზაობას და უნარს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“.
 
საქართველო, 861 სამხედრო მოსამსახურით, მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია  ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების (7 000 სამხედრო) და გერმანიის (980 სამხედრო) შემდეგ.
 
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერა“. ისინი  მიესალმნენ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და მოუწოდეს  რუსეთს გადადგას შემხვედრი ნაბიჯი ამ მიმართულებით.
 

ნატომ ასევე მოუწოდა რუსეთს, „შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)