Site icon Civil.ge

ორი რესპუბლიკელი მინისტრი თანამდებობებს დატოვებს, პარტიას გამიჯნული აგულაშვილი კი მთავრობაში დარჩება

უსუფაშვილი-რესპუბლიკელებმა, რომელთაც 12 ივლისს საარჩევნო კამპანია ამ სახელწოდებით ოფიციალურად დაიწყეს, განაცხადეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარტიულ სიას წარუძღვება, ხოლო მთავრობაში მისი ორი წევრი  – თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი – თანამდებობებს დატოვებენ.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს, რომელიც კოალიციურ მთავრობაში რესპუბლიკელებს წარმოადგენდა, ის გაემიჯნა მის პარტიას მინისტრთა კაბინეტში დარჩენის სასარგებლოდ. 

საქართველოს პარლამენტში დეპუტატობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე დავით ბერძენიშვილი, რომელიც მის ძმასთან, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილთან ერთად 38 წლის წინ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას ბათუმში გეგმავს, რადგან ის იქნება პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან ერთად 8 ოქტომბერს გაიმართება. დავით ბერძენიშვილი, რომელიც პარტიის პოლიტიკური მდივანია, აჭარაში საარჩევნო კამპანიას წარუძღვება. 

რესპუბლიკელების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. 

„ჩვენ მოვდივართ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა მან სამშაბათს დავით უსუფაშვილთან და დავით ბერძენიშვილთან ერთობლივი ბრიფინგის გახსნისას.   

„რესპუბლიკელები ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას და დღეიდან ყოველი წუთი, ყოველი დღე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მივაღწიოთ წარმატებას, ჩვენ ვიყოთ პარლამენტში, ჩვენ ვიყოთ მოვლენათა ეპიცენტრში, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა იმავე ბრიფინგზე.

„ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ხალხთან – ვიყავით ცოტა, ვაკეთებდით ბევრ საქმეებს. ასევე გავაგრძელებთ მომავალში“, – აღნიშნა მან, „ჩვენთვის ადამიანი იქნება კვლავ ცენტრალური ღირებულება“.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანიის დაწყებით "სრულდება კოალიციური თანამშრომლობა" ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან.

მისი თქმით, პარტია „ამაყია“ იმით, რომ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში პარტნიორებთან ერთად „ძალიან ბევრი“ საქმე გაკეთდა, მაგრამ „ქვეყანას სჭირდება გაცილებით მეტი“.

„იმისთვის, რომ საქართველოში საბოლოოდ და შეუქცევადად დამყარდეს მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუციური სისტემა, ამას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და რესპუბლიკელებს გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

არჩევნებისთვის კოალიციის დაშლის შესახებ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გახდა ცნობილი, როცა კოალიციის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოაცხადა, რომ მისი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დამოუკიდებლად აპირებდა არჩევნებზე გასვლას. მაშინ რესპუბლიკელებმა ასევე განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად იყრიდნენ კენჭს პარლამენტში, თუმცა კოალიციაში, ასევე  საპარლამენტო და სამთავრობო ადგილები შეინარჩუნეს. 

„ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ მოვახერხებდით ჩვენ იმას, რომ თან კოალიციურ ვალდებულებებს ვასრულებთ და თან საარჩევნო კამპანიაში ვერთვებით. როგორ და ასე. პოლიტიკა არ არის კერძო, პერსონალური ვნებების ასპარეზი, პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური, ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელეთ ჩვენი მოვალეობების შესრულება, მათ შორის საქართველოს მთავრობაშიც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, „ჩვენ თუ ევროპა გვინდა, უნდა ვისწავლოთ ტრადიციები, როცა მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე“.

„ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს პარტნიორებს ქართული ოცნებიდან“, – განაგრძო მან, „ჩვენ ვიყავით მზად, რომ ჩვენი მთავრობის წევრები დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდე და ჩვენ მათ გარეშე გავიდოდით საარჩევნო კამპანიაში. ქართულმა ოცნებამ სხვაგვარად გადაწყვიტა, მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ უფრო დეტალურად“.

აქედან გამომდინარე, თინა ხიდაშელი, რომელიც წელიწადზე ცოტა მეტია, რაც თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობს და პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი 2012 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების მთავრობის ფორმირების დღიდან,  რომელთაც, უსუფაშვილის თქმით, „ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის“,  რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარე საქმეების დასრულების შემდეგ დატოვებენ მინისტრების თანამდებობებს და „გადმოერთვებიან პარტიულ აქტიურობაზე“.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის მათ მინისტრთა კაბინეტში, სადაც კვლავაც შეინარჩუნებს თავის ადგილს რესპუბლიკელების მესამე მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

„მან გააკეთა სხვა არჩევანი, იგი გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას და რჩება თანამდებობაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილების კომენტირებისას და მოუწოდა ყველა რესპუბლიკელს, ვისაც შესაძლოა გამიჯვნა სურდეს, რომ თავიანთი საბოლოო არჩევანი მომდევნო ორ დღეში გააკეთონ.

პარტიამ განაცხადა, რომ დეპუტატობის კანდიდატებს კამპანიის ფარგლებში მოგვიანებით წარადგენს.