თბილისი გმობს მეზობელ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას და მხარდაჭერას გამოხატავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ, განაცხადეს საქართველოს ლიდერებმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, რომელმაც სასაზღვრო შეზღუდვები შემოიღო თურქეთთან სულ ცოტა შაბათ დილამდე.
„ჩვენ გვინდა მხარდაჭერა გამოვუხატოთ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, პირადად გამოვუხატავ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, სადაც განიხილეს თურქეთში განვითარებული მოვლენები და მათი შესაძლო გავლენა საქართველოზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული უახლოეს მომავალში და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს“, – განაცხადა მან და ასევე მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს თავის შეიკავონ თურქეთში გამგზავრებისგან.
„ყურადღებით ვაკვირდებით ვითარების განვითარებას და დინამიკას, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სტაბილურობა; მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იყო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და ხელისუფალის მიერ მართული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს შუაღამის შეკრების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იმსჯელეს „იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება საქართველოსთვის მომდინარეობდეს ამ სიტუაციიდან“.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მეზობელ თურქეთში დემოკრატიული განვითარების საფრთხე არ შეიქმნას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას არ შეექმნას საფრთხე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „ეს არის საქართველოს სტრატეგიული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა თურქეთში შენარჩუნდეს".
„საერთოდ სამხედრო გადატრიალებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე“, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა, „ჯერ-ჯერობით ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ თურქეთის მიმართულებით".