Site icon Civil.ge

თურქეთთან სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები ძალაში რჩება

ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა თურქეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, შაბათს 12 საათისთვის კვლავ ძალაში რჩება მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს მეზობელ თურქეთში გადატრიალების მცდელობისას ანკარასა და სტამბოლში მომხდარი შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

უსაფრთხოების მოტივით, თბილისმა გადაწყვიტა, რომ თურქეთთან საზღვარზე დროებით შეზღუდვები დააწესოს; შედეგად,  საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, რომ საზღვარი გადაკვეთონ; სხვა მხრივ, სარფში თურქეთთან სასაზღვრო–გამშვები პუნქტი ღია რჩება.

შუაღამეს გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შეზღუდვები მაშინვე მოიხსნება, როგორც კი თურქეთში სიტუაცია დასტაბილურდება.

თურქეთში ღამით გადატრიალების მცდელობის ფონზე საქართველოს ხელმძღვანელობა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბა დაახლოებით ღამის 3 საათზე, რათა თურქეთში მიმდინარე მოვლენების საქართველოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ემსჯელა; თურქეთი, რომელსაც თბილისი „სტრატეგიულ პარტნიორს“ უწოდებს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმეს თურქეთში გადატრიალების მცდელობა და მხარდაჭერა გამოუხატეს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას.

„ჩვენ გვინდა მხარდაჭერა გამოვუხატოთ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, პირადად გამოვუხატავ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„სამხედრო გადატრიალებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა.

ავიაკომპანიებმა თურქეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს. თბილისი–სტამბოლის და სტამბოლი–თბილისის რეისები ყველაზე დატვირთული ფრენებია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ტელეფონით შაბათს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაახლოებით 80 საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია „ატლას გლობალი“ დაუგეგმავ ფრენებს განახორციელებს სტამბოლიდან შაბათს მოგვიანებით, რათა იქიდან აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანოს.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მუდმივი კონტაქტი აქვს თურქეთის მთავრობასთან და დასძინა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შაბათს თავის თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა.