Site icon Civil.ge

მიხეილ ჯანელიძე თავის თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო საუბარი გამართა თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან, დაგმო გადატრიალების მცდელობა და მხარდაჭერა აღუთქვა თურქეთის ხელისუფლებას. 
 
„მიხეილ ჯანელიძემ შეშფოთება გამოხატა თურქეთში, გუშინ ღამით განვითარებულ  პროცესებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე ვითარება სრულად დასტაბილურდება და საფრთხე არ შეექმნება დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივლისს.

„თავის მხრივ, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა განხორციელებული ზარისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის თურქეთის ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს“, – განაცხადა სამინისტრომ.

ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა თურქეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, შაბათს შუადღისთვის კვლავ ძალაში რჩება მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს მეზობელ თურქეთში გადატრიალების მცდელობისას ანკარასა და სტამბოლში მომხდარი შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

თურქეთში ღამით გადატრიალების მცდელობის ფონზე საქართველოს ხელმძღვანელობა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბა დაახლოებით ღამის 3 საათზე, რათა თურქეთში მიმდინარე მოვლენების საქართველოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ემსჯელა; თურქეთი, რომელსაც თბილისი „სტრატეგიულ პარტნიორს“ უწოდებს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმეს თურქეთში გადატრიალების მცდელობა და მხარდაჭერა გამოუხატეს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე გამოხატა შეშფოთება თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „თურქეთი ჩვენი უახლოესი მეზობელია, სტრატეგიული პარტნიორი, ნატო-ს წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა, თურქეთში მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, საქართველოსთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნოვანია“.