Site icon Civil.ge

შსს: თურქეთთან სასაზღვრო შეზღუდვა მოხსნილია

სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს „მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით“ თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია, განაცხადა 16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო შეზღუდვები ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში შემოიღო, რომელიც ღამი დაახლოებით 3 საათისთვის საგანგებოდ შეიკრიბა მეზობელ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის პარალელურად, რომლის დროსაც ანკარასა და სტამბოლში მომხდარი შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შეზღუდვები მაშინვე მოიხსნებოდა, როგორც კი თურქეთში სიტუაცია დასტაბილურდებოდა.

ავიაკომპანიები, რომელთაც განვითარებული მოვლენების გამო სტამბოლის მიმართულებით არსებული ყველაზე ინტენსიური ფრენები შეაჩერეს, რეისების განახლებას აპირებენ. 

საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ტელეფონით შაბათს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაახლოებით 80 საქართველოს მოქალაქე იმყოფება. მათი საქართველოში ჩამოყვანის მიზნით ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ სპეცრეისი დაგეგმა, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თანახმად.

შუაღამეს გამართული უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმეს თურქეთში გადატრიალების მცდელობა და მხარდაჭერა გამოუხატეს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას.