სლოვენიის პრემიერ–მინისტრმა მირო ცერარმა, რომელიც 19 ივლისს ლიუბლიანაში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
პრეზიდენტი მარგველაშვილი სლოვენიას 18–19 ივლისს სტუმრობს – მანამდე საქართველოს არც ერთი პრეზიდენტი არ ყოფილა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით.
სლოვენიის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განხილულ იქნა „შესანიშნავი“ ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაღრმავების საჭიროება, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში.
„სლოვენია ყოველთვის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, „მაგრამ მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ არსებობს ძალიან ბევრი სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვითანამშრომლოთ“.
ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი ასევე თავის სლოვენიელ კოლეგას ბორუტ პაჰორს, სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს და ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა 18 ივლისს.
საქართველოს დელეგაციის სლოვენიაში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებას ეხება.