Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო სასამართლომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა 20 ივლისს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ფაქტი.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს საარჩევნო ოლქების ხელახალ ფორმირებასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საარჩევნო ოლქების საზღვრები წარმოადგენდა საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ე.წ. „ჯერიმანდერინგის“ შემთხვევას, ვინაიდან საზღვრები ოპოზიციური პარტიების საზიანოდ შეიცვალა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის, საარჩევნო ოლქების საზღვრების ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა“.

იმავე სარჩელის სხვა ნაწილში, მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ 73–დან 30 ერთმანდატიან ოლქში საზღვრების დადგენის უფლებამოსილების ცესკოსათვის მინიჭება ასევე შეიცავდა საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების საფრთხეს, „ვინაიდან კანონი არ განსაზღვრავს ცესკოსათვის საკმარის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით“.

მართალია ცვლილებების შეტანის შემდეგ საარჩევნო კოდექსმა განსაზღვრა 43 ერთმანდატიანი ოლქის საზღვრები, თუმცა დარჩენილი 30 ოლქის, მათ შორის თბილისის 22 ოლქის, ასევე ქუთაისის 3 ოლქის, ბათუმის 3 და რუსთავის 2 ოლქის საზღვრები ცესკომ დაადგინა.

საქმის განხილვაში მონაწილე რვა მოსამართლის მოსაზრება სარჩელის ამ ნაწილზე ორად გაიყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, სასამართლოს თავმჯდორის მოადგილემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა, ასევე ქეთევან ერემაძემ და მაია კოპალეიშვილმა მხარი დაუჭირეს სარჩელის ამ ნაწილს.

თუმცა ოთხმა მოსამართლემ – ზაზა თავაძემ, ლალი ფაფიაშვილმა, თამაზ ცაბუტაშვილმა და ოთარ სიჭინავამ მის წინააღმდეგ მისცეს ხმა; შედეგად, სარჩელის ეს ნაწილიც არ დაკმაყოფილდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრს, მერაბ ტურავას საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია; თუმცა, მისი ხმა მაინც არ იქნებოდა გადამწყვეტი, რადგანაც სარჩელის დაკმაყოფილებას ექვსი ხმა სჭირდებოდა.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2015 წლის დეკემბერში მიიღო, რომლის თანახმადაც  მაჟორიტარული ოლქები ხელახლა იქნა ფორმირებული ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით. ოლქებს შორის უთანასწორობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მნიშვნელოვნად შემცირდა მცირე ოლქების გაერთიანების და მსხვილი ოლქების გაყოფის შედეგად.

ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უმეტეს შემთხვევაში მუნიციპალურ საზღვრებს აღარ ემთხვევა.

ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეულ საარჩევნო ოლქში ყველაზე უმცირესში 41 598–დან (თბილისის ერთმანდატიანი ოლქი, რომელიც ძირითადად ვაკის რაიონს მოიცავს) ყველაზე უმსხვილესში 54 168–მდე მერყეობს (რუსთავის ორი ერთმანდატიანი ოლქიდან ერთ–ერთი).  ოლქების ახლებურად ფორმირებამდე ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით 150 000–დან 6 000–მდე მერყეობდა.

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში მაჟორიტარული ოლქების თაობაზე შეტანილი ცვლილებები „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“ იმისათვის, რომ არჩევნები ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპის პატივისცემით ჩატარდეს, თუმცა მან იქვე გააკრიტიკა კანონმდებლობა იმის გამო, რომ ის არ განსაზღვრავს ოლქების დაყოფის მეთოდს და იმას, თუ რა კრიტერიუმს ეყრდნობა ოლქებს შორის ამომრჩეველთა დასაშვები რაოდენობიდან გადახრა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)