მთავარმა პროკურატურამ 26 ივლისს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გასულ კვირას გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომლის თანახმადაც, 9-წევრიანი სასამართლოს ზოგიერთი მოსამართლის მიმართ „ზეწოლა“ და „შანტაჟი“ ხორციელდება, რათა მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ან გააჭიანურონ იმ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელთაც ამჟამად სასამართლო განიხილავს.
21 ივლისს ამ ბრალდებებზე საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთ მოსამართლეს უთვალთვალებდნენ და დაემუქრნენ, რომ მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებდნენ.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 1571 მუხლის პირველი ნაწილით, რაც შესაბამისად, უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევისა და ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებს.
„საჯარო განცხადების გაკეთებიდან მოკლე ვადაში გიორგი პაპუაშვილს გაეგზავნა შეთავაზება, პროკურატურაში გამოცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებში გარკვევის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა პროკურატურის შეთავაზებაზე, საბოლოოდ მან შეცვალა პოზიცია, უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და პროკურატურაში გამოცხადებაზე“, – განაცხადა მთავარმა პროკურატურამ 26 ივლისს, „პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით“.
პაპუაშვილმა, რომლის ათწლიანი ვადა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში იწურება და რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 25 ივლისს შეხვდა, განაცხადა, რომ ზეწოლის შესახებ მისი წინა ბრალდებები სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უყურადღებოდ დატოვეს და ამიტომ მან საჭიროდ მიიჩნია, რომ ეს საკითხი პირდაპირ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მათ შორის პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილთან დააყენოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მთავარ პროკურორს.
პროკურატურამ ასევე განაცხადა 26 ივლისს, რომ გამოძიება დაიწყო ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მისი ოჯახის ერთ–ერთ წევრზე ზეწოლა განახორციელეს.
25 ივლისს პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებები სასამართლოზე ზეწოლის შესახებ, რადგანაც ეს „საშიში ტენდენცია“ მის ოჯახსაც შეეხო, რადგან „ზეწოლის მცდელობას“ მისი ოჯახის ერთ–ერთი წევრის მიმართაც ქონდა ადგილი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის ერთ–ერთი წევრი, რომელიც არ დააკონკრეტა, გასულ თვეს პოლიციამ ქუჩაში გააჩერა და შემდეგ მის სახლში „სასამართლოს დადგენილების გარეშე“ ჩხრეკა ჩაატარა. „ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ივლისს განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს პოლიციამ სამი მამაკაცის ჩხრეკა განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – შსს–ს თქმით, ჩხრეკა სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი. ერთ–ერთი ამ პირთაგან, პრეზიდენტის ცოლის, მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლე, მინდია გოგოჭური იყო, რომლის მანქანაც და სახლიც გაჩხრიკეს. შსს–ს თანახმად, ერთ–ერთ პირს ცივი იარაღი აღმოაჩნდა, თუმცა პრეზიდენტის სიძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ვერ უპოვეს და შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.
მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)