აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და რომელიც რესპოდენტების განწყობებს აჩვენებს საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართ.
იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება 2016 წლის ივნისში 33%–მდე შემცირდა; მარტში ეს მაჩვენებელი 39% იყო, 2015 წლის ნოემბერში 45%, ხოლო 2015 წლის აპრილში 37%.
რესპონდენტების 25%–ს მიაჩნია, რომ საქართველო „სწორი მიმართულებით“ ვითარდება; მარტში ეს მაჩვენებელი 20% იყო და სტატისტიკურად იგივეა, რაც 2015 წლის აპრილში.
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 34% ფიქრობს, რომ საქართველო „საერთოდ არ იცვლება“.
რესპონდენტების 17% მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების მდგომარეობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ „გაუმჯობესებულია“, რაც 7%–იანი ზრდაა 2016 წლის მარტის შემდეგ.
იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მდგომარეობა გაუარესდა 2016 წლის მარტში არსებული 42%–დან 32%–მდე შემცირდა ივნისში.
51% აცხადებს, რომ მათი ოჯახური მდგომარეობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ არ შეცვლილა.
მცირედით გაუმჯობესდა და მარტში არსებული 37%–დან 42%–მდე გაიზარდა ისეთი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
ყველაზე აქტუალურ საკითხებს შორის დასაქმება და სიღარიბე დასახელდა; შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა და პენსიები.
„ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება“ ერთდაერთი სფეროა იმ ჩამონათვალში, რომელშიც რესპონდენტების უმეტესობას (55%, მარტი – 51%) მიაჩნია, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
საგარეო პოლიტიკა
რესპონდენტების 72% (მარტში 77%) მხარს უჭერს ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
კვლევა ცხადყოფს, რომ ეს მხარდაჭერა ახალგაზრდებს შორის უფრო ძლიერია, ხოლო 56 წლის და უფროს რესპონდენტებს შორის 64%–მდე იკლებს. კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტების 50% უჭერს მხარს; ამ დასახლებებში მცხოვრები რესპონდენტების 24% წინააღმდეგია, ხოლო 26%–მა „არ იცის“.
რესპონდენტების 64% მიიჩნევს, რომ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი მათ სარგებელს მოუტანს; 2016 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 72% იყო.
რესპონდენტების 68%–მა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ხელისუფლების მიზანს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რაც 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2016 წლის მარტთან შედარებით.
ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა 47%–მდე შემცირდა იმ რესპონდენტებს შორის, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ცხოვრობენ; რესპონდენტების 27% იგივე დასახლებებიდან პასუხობს, რომ „არ იცის“.
კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, 48%–მა (მარტში 52%) უპასუხა „პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან“.
იმავე კითხვაზე, რესპონდენტების 20%–მა (მარტში 16%) უპასუხა „პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან“.
რესპონდენტების 13%–მა, რაც სტატისტიკურად იგივეა რაც მარტში, აირჩია პასუხი: „პროდასავლური“, ხოლო 6%–მა, იგივე რაოდენობამ რაც მარტში – „პრორუსული“.
კვლევის ავტორების თანახმად, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ თუ ამომრჩეველი საქართველოს შესახებ ინფორმაციას უცხოური არხებიდან იღებს, მაღალია შანსი, რომ პრორუსულად იყოს განწყობილი. რესპონდენტების 23%–მა განაცხადა, რომ ისინი გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ უცხოურ, ძირითადად რუსულ ტელეარხებზე უყურებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)