ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით 7–8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა.
ეს ალიანსის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მეოთხე ვიზიტი იქნება საქართველოში. პირველი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში გაიმართა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ნატო–საქართველოს კომისიას, მეორე და მესამე ვიზიტები კი – 2011 წლის ნოემბერში და 2013 წლის ივნისში.
7 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელშიც ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იტყობინება ნატო.
8 სექტემბერს ნატოს ელჩები და გენერალური მდივანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდებიან. ნატოს ელჩები ასევე გამართავენ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოვა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, კიდევ ერთხელ დადასტურება ნატოს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის. საბჭოს ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება განვიხილოთ ვარშავის სამიტის შედეგების იმპლემენტაციის საკითხები. ვფიქრობთ, რომ, რა თქმა უნდა, იქნება განხილული ის მიღწევები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა 24 აგვისტოს.