Site icon Civil.ge

ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ურთიერთბრალდებებით გამოდიან

ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ “დაპირისპირებების” მოწყობას აპირებს, რასაც ოპოზიციურმა პარტიამ „აბსურდი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ამგვარი უსაფუძვლო ბრალდებებით რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს. 

პარტიის სახელით საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა 5 სექტემბერს დაკონკრეტების გარეშე:  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში“.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა მან. 

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს…  ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს გარკვეული დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდად არის პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა და მოუწოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ „განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომლემაც შესაძლოა, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს“.

ამ ბრალდების საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა: “ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებას, რომელსაც აღარაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, რომლის წაგება არჩევნებში არის ფაქტიურად გარანტირებული, გადაწყვეტილი აქვს, რომ აბსურდული ბრალდებებით წარმართოს წინასაარჩევნო პროცესები. ეს ბრალდება აჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს – ქართული ოცნება დარწმუნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც აქვს სამოქმედო გეგმა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, ყველანაირი გზებით და მეთოდებით ხელი უნდა შეუშალოს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში“.    

„ძირითადი თემებისგან, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ყურადღება რომ გადაიტანოს, მოგონილ საფრთხეზე საუბრობს. ამ დროს, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც კორცხელი მოაწყო“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა სერგი კაპანაძემ.

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო სატელევიზიო გამოსვლების მეშვეობით, უთხრა ჟურნალისტებს ოზურგეთში 5 სექტემბერს, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, თავის მხარდამჭერებს ნაციონალურ მოძრაობაში „უკიჟინებს“, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არეულობა მოაწყონ.

„სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს უკიჟინებს, რომ სიტუაცია არიონ… მცდელობა არის ძალიან დიდი, რომ როგორმე ქაოსი შემოიტანონ, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

სააკაშვილმა ივანიშვილს თავის Facebook–ის გვერდზე უპასუხა: „ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას. როგორც წესი, ის მოწინააღმდეგეს აბრალებს თავის გეგმებს. ამ სურათზე კარგად სჩანს, როგორ არეულობას ვამზადებთ ჩვენ. არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს" – პოსტს თან ახლავს ფოტო, სადაც მისი მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატობის კანდიდატია, საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს ფოტოებს იღებს ახალგაზრდების ჯგუფთან. 

მოგვიანებით ორშაბათს, როდესაც რულოვსი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში მხარდამჭერებს ხვდებოდა, მამაკაცების ჯგუფი რულოვსის საწინააღმდეგო შეძახილებით მიუახლოვდა შეხვედრის ადგილს. ნაციონალურმა მოძრაობამ ინციდენტში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა.