საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%–მდე შეამცირა.
„მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი“, – განაცხადა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 7 სექტემბერს გამართული სხდომის შემდეგ.
წლიური ინფლაციის დონემ აგვისტოში 0.9% შეადგინა, ხოლო ივლისში ეს მაჩვენებელი 1.5% იყო, რაც 2016 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე – 5%–ზე ბევრად ნაკლებია.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის მანძილზე ეტაპობრივად გაზარდა 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან 8%–მდე გასული წლის ბოლოს. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილში მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 26 ოქტომბერს გაიმართება.