Site icon Civil.ge

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა თბილისში

საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ ძალისხმევას რეფორმების გატარების კუთხით და „მოთმინებით დაელოდება“ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც 7–8 სექტემბერს თბილისს სტუმრობენ.

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს საქართველოსთან „საუცხოო, ურთიერთმხარდამჭერი ურთიერთობა“ აქვს და ეს „პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება“.

„ნატოს ვარშავის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ დავადასტუროთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტში მივიღეთ [2008 წელს], რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი. თუმცა იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდეს, საქართველომ წევრობის სტანდარტები, მოთხოვნები  უნდა დააკმაყოფილოს და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა, როდესაც მას საქართველოს ნატოში წევრობის ვადებზე ჰკითხეს.

„რაიმე ზუსტ ვადებს ვერ დაგისახელებთ, რადგანაც ეს დამოკიდებულია დამსახურებაზე, შედეგებზე და იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო აღწევს. ჩვენ უამრავი პროგრესი და რეფორმები ვნახეთ, როდესაც საქმე ეხება ინსტიტუციურ რეფორმებს, საარჩევნო რეფორმებს, პრესის თავისუფლებას და რა თქმა უნდა, რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – განაცხადა მან.

კითხვაზე თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხოლოდ ნატოს წევრებსა და საქართველოზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება და „სხვა არავის აქვს უფლება, რომ ჩაერიოს და ან შეეცადოს ვეტო დაადოს პროცესს“.

მისი თქმით, ამ მიდგომას ნატომ ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რადგანაც  რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ალიანსმა განაგრძო გაფართოება.    

იმავე კითხვის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ რეფორმებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და  „მოთმინებით დაელოდოს“ „შესაძლებლობების ფანჯარას“.

„ვფიქრობ, საქართველოს ნატოში პოტენციურ გაწევრიანებაზე რუსეთის გავლენის შესახებ საუბარი არ იქნებოდა სწორი. ვფიქრობ, ჩვენი საკუთარი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ… და ვფიქრობ, მოთმინებით უნდა დაველოდოთ და თანმიმდევრულად ვიმოძრაოთ ნატოში გაწევრიანებისკენ, და რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ – საქართველოს შეიარაღებული ძალების და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირება –  სწორედ ისაა, რაც გვჭირდება ნატოში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ მონტენეგროს მაგალითი აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება.

„გვჯერა, რომ იქნება შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის, მაგრამ საჭიროა ვიყოთ მომთმენები და თანმიმდევრულები“, – განაცხადა მან.

„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა, „მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან იქნა აღიარებული საქართველოს პროგრესი. მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება და საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მიაღწევს საბოლოოო მიზანს და გახდება ნატოს წევრი“.
    
ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ნატოს ვარშავის სამიტის დეკლარაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია ნატოსთან დაახლოებისთვის, მათ შორის ნატო–საქართველოს კომისია, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც შარშან ჩამოყალიბდა, და ნატოს ექსპერტები თბილისში, რომლებიც საქართველოს თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში ეხმარებიან.

მისი თქმით, საქართველომ „შთამბეჭდავ პროგრესს“ მიაღწია და დასძინა: „მჯერა, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება“.

„საქართველოს მტკიცე პროგრესთან ერთად, ველით, რომ მომავალი არჩევნები უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და თავისუფალი და სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც ნატო არის ღირებულებების, მათ შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ერთობა“, – განაცხადა მან.

ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ალიანსის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, მეოთხე ვიზიტია საქართველოში. 

8 სექტემბერს დელეგაციის წევრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებს შეხვდებიან. ნატოს ელჩები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრას.