„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.6%–იანი ზრდაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2016 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3.8%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით და 445 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.9%–იანი ზრდაა პირველი კვარტლის 389 მილიონ აშშ დოლართან შედარებით.
2016 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 175 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 60 მლნ აშშ დოლარი; ენერგეტიკის სექტორი – 46 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 19 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 17 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 16 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 15 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 13 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა – 13 მლნ აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა 2016 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 146 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო – 64 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 36 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 28 მლნ აშშ დოლარი; 27 მლნ აშშ დოლარი და 20 მლნ აშშ დოლარი პანამასა და ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიებიდან შემოვიდა, შესაბამისად; ავსტრია – 18 მლნ აშშ დოლარი; კვიპროსი – 14 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 13 მლნ აშშ დოლარი და საუდის არაბეთი – 10 მლნ აშშ დოლარი.
2015 წელს საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.56 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 11%–იანი კლება იყო 2014 წელთან შედარებით.