Site icon Civil.ge

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია 8 სექტემბერს დიდი უმრავლესობით მიიღო, სადაც გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციას.

რეზოლუცია, რომელიც 410 ხმით 6 წინააღმდეგ იქნა მიღებული, „მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ცალსახად განაცხადოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არანაირ გარემოებებში არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის დე იურე ან დე ფაქტო სუვერენიტეტს საქართველოს რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცეზე ან მის ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე“.

ამ კუთხით, რეზოლუცია მინიშნებას აკეთებს სტიმსონის დოქტრინაზე, რაც ძალისმიერი მეთოდით განხორციელებული ტერიტორიული ცვლილებების არაღიარებას გულისხმობს, და იხსენებს, რომ დოქტრინა 1940 წელს ასევე შეეხო ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს და „აშშ–ის ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატივს სცემდა ამ დოქტრინას, სანამ ამ ქვეყნებში დამოუკიდებლობა არ აღდგა 1991 წელს“. 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციის პროექტი კონგრესმენ ტედ პოს მიერ იყო ინიცირებული მარტში და მისი თანაავტორი წარმომადგენელთა პალატის 33 წევრია.

„რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და რეგიონში მიმდინარე საგანგაშო პროცესები იმის მაჩვენებელია, რომ მოსკოვი არ აღიარებს სუვერენული სახელმწიფოების დამოუკიდებელ არჩევანს და რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენისკენ ისწრაფვის, მათ შორის ძალის გამოყენების, ოკუპაციის, ფაქტობრივი ანექსიის და სხვა აგრესიული ქმედებების გზით“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტი „გმობს რუსეთის ფედერაციის საქართველოში სამხედრო ინტერვენციას და ოკუპაციას  და მის უკანონო ქმედებებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ“.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს „უარი თქვას საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე“, რომლებიც მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის შემდეგ ცნო. 

ის ასევე მოუწოდებს რუსეთს „თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, და გადადგას ნაბიჯები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად“.

რეზოლუცია „ხაზს უსვამს ძირითად საკითხებზე პროგრესის საჭიროებას“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რომელთა შორისაა „რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო პირობის დადება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთი წარმოშობის ადგილებში“.

რეზოლუცია „მოუწოდებს აშშ–ის ადმინისტრაციას გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ [2009 წელს ხელმოწერილი] აშშ–საქართველოს ქარტიის ყველა სფეროში“, მათ შორის საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლის სფეროში“.

კონგრესმენები ასევე მოუწოდებენ აშშ–ის ადმინისტრაციას „ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნების და თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით, რათა გაძლიერდეს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეროვნული სუვერენიტეტი“.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ, რომლის ინიცირებულიცაა რეზოლუცია, განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაცია უბრალოდ ტერიტორიული საკითხი არ არის“.

„ეს არის შეტევა იდეებზე; ეს არის თავდასხმა სწორედ იმ თავისუფლებებზე, რომლებიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჩვენმა მეგობრებმა საქართველოსა და რეგიონში აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ აშშ ციმბირელი ნაპოლეონის პირისპირ უკან არ დაიხევს საკუთარი მოკავშირეების მხარდასაჭერად“, –განაცხადა მან.