Site icon Civil.ge

საპარლამენტო არჩევნებზე ორი ეგზით პოლი ჩატარდება

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეგზით პოლები სამ კერძო ტელეკომპანიასთან ერთად ჩაატაროს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

ცალკე ეგზით პოლს გეგმავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“; დეტალების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიას ჯერ არ გაუვრცელებია.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, ოთხი ტელევიზიისგან შემდგარ კონსორციუმში ასევე შედიან „იმედი“, „მაესტრო“ და GDS – ეს უკანასკნელი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის საკუთრებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება სხვა ტელეკომპანიებთან დაჯგუფების თაობაზე  რამდენიმე არასამთავრობო, მათ შორის მედიის უფლებების დამცველმა  ორგანიზაციამ გააკრიტიკა, რომელთაც გააფრთხილეს, რომ ეს ნაბიჯი ზიანს მოუტანს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რადგანაც საქართველოს პოლიტიკურად პოლარიზებულ მედია გარემოში რომელიმე მხარის მიმხრობად იქნება აღქმული.  

სამმა კერძო ტელეკომპანიამ – „იმედი“, „მაესტრო“ და GDS – ერთობლივად დაუკვეთეს ეგზით პოლები TNS Opinion-ს, ხოლო საველე სამუშაოებს  ქართული კომპანია „გორბი“ განახორციელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მას შემდეგ შეუერთდა კონსორციუმს, რაც მისმა სამეურვეო საბჭომ 7 სექტემბერს მენეჯმენტს თანხმობა მისცა სამ კერძო ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის თაობაზე.  
 
7 სექტემბრის სხდომაზე დამსწრე საბჭოს შვიდი წევრიდან, ოთხმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, ორმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ეგზით პოლებში 200 000 ლარს გადაიხდის; პროექტის საერთო ღირებულება 937 000 ლარია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, დანარჩენ თანხას სამი კერძო ტელეკომპანია გადაიხდის.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც 11 მედია და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს, მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება.

„ჩვენ ქვეყანაში ეგზით პოლი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად საარჩევნო ეგზით პოლის ჩატარება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობაზე და გააღრმავებს კითხვებს მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ. კოალიცია თვლის, რომ საჯარო ფინანსები არ უნდა იხარჯებოდეს არხისთვის ზიანის მომტან ქმედებებზე“, – განაცხადა კოალიციამ 8 სექტემბერს.

ჯგუფის შემადგენლობაში 11 ორგანიზაციაა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს; რეგიონალურ მაუწყებელთა ქსელი; რეგიონალური მედია ასოციაცია; რეგიონალურ მაუწყებელთა ქართული ასოციაცია.

„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად“, – აცხადებს კოალიცია.

7 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ყურადღების მიღმა დატოვა საბჭოს იმ ორი წევრის, ქეთევან მსხილაძის და სულხან სულაძის მიერ გამოთქმული წუხილები, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ იყვნენ. ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და საქმე ეხებოდა პროდუქტის შეძენას, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებლად, სხვა მაუწყებლებთან თანამშრომლობის გარეშე ვერ შეძლებდა.