Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა

მთავრობაში არჩევნებით განპირობებული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მისივე მოადგილემ ილია ელოშვილმა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ასევე მისმა მოადგილემ ლევან  დავითაშვილმა შეცვალა.

კალაძე, რომელიც თითქმის ოთხი წელი ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის სამინისტროს, ქართული ოცნების პარტიული სიით იყრის კენჭს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ოთარ დანელია კი, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014 წლის ივლისიდან იყო, ასევე მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია მარტვილისა და აბაშის გაერთიანებულ ერთმანდატიან ოლქში. კანდიდატობის შემთხვევაში, მინისტრებს კანონმდებლობა თანამდებობების დატოვებას ავალდებულებს.

ენერგეტიკის ახალი მინისტრი ილია ელოშვილი 2012 წლიდან ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს პროექტის Tetra Tech Inc ხელმძღვანელის მოადგილე იყო, მუშაობდა ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა” და ასევე სხვადასხვა ენერგო-კომპანიებში.

ლევან დავითაშვილი, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრად დაწინაურდა, 2014 წლის ნოემბრიდან მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გადავიდა ღვინის მწარმოებელთა კავშირიდან.

„ორივე მათგანი არიან პიროვნული თვისებებით ძალიან გამორჩეული ადამიანები და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ პროფესიონალებს წარვადგენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრების წარდგენისას.

ამ საკადრო ცვლილებებს პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება, რადგან ამისთვის 7 მინისტრი მაინც უნდა შეიცვალოს კაბინეტისთვის ბოლო საპარლამენტო ნდობის გამოცხადების შემდეგ.

დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც ასევე დატოვებს მინისტრთა კაბინეტს – პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩად დაინიშნება, შეცვლის რა ამ თანამდებობაზე ამჟამინდელ ელჩს არჩილ გეგეშიძეს. დავით ბაქრაძე მაისში მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოში ახალ წევრად შეიყვანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)