Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დანიშნა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე 10 წლის ვადით დანიშნა.

ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს და მის მოადგილეს კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან, რომელთაც უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას ირინა იმერლიშვილის ნაცვლად, რომელზეც მან პარლამენტიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაინაცვლა. 2012 წელს დეპუტატად არჩევამდე, ირინა იმერლიშვილი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს მდივანი იყო, მანამდე 2006 წლიდან კი რესპუბლიკურ პარტიაში რეგიონულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2000-2003 წლებში მას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 1993 წლიდან კი პარლამენტის აპარატში სხვადასხვა მმართველ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის აპარატის უფროსის მოადგილედ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე ახალი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე, რომელიც საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტია, 2014 წლის ივნისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი იყო, ვიდრე აპრილში ამ პოსტიდან წავიდოდა.

10 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს გაწეული სამსახურისთვის, რომლის დროსაც მათ „რთული პერიოდი გაიარეს“ და იმადროულად, განაცხადა, რომ მათ ადგილებს „ძალიან მაღალი კვალიფიკაციის“ იურისტები და „ძლიერი და პრინციპული ადამიანები“ დაიკავებენ იმერლიშვილისა და კვერენჩხილაძის სახით.

სექტემბრის ბოლოს 9-წევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს 3-3 წევრის დანიშვნის უფლება აქვთ, კიდევ ორი ვაკანტური ადგილი იქნება, საიდანაც ერთი უზენაესმა სასამართლომ თავისი კვოტით უნდა შეავსოს და ერთიც ახალმა პარლამენტმა აირჩიოს.

აქამდე სასამართლოში, მერაბ ტურავას გარდა, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა აირჩია მოსამართლედ, ყველა დანარჩენი წევრი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო დანიშნული.

ირინა იმერლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოთხი ახალი მოსამართლე „ძველ კოლეგა მოსამართლეებთან“ ერთად „შევძლებთ იმას, რომ აღვადგინოთ სასამართლოს რეპუტაცია და სასამართლოსადმი ნდობა“.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი განახლებული შემადგენლობიდან ასევე მოუწევს 5 წლის ვადით ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევა, რომელთაც ფარული კენჭისყრით საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.