საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი, რომელიც 10– 12 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს, შაბათს თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას, კვირას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე საუბრისას ლე დრიანი, რომელიც საფრანგეთის თავდაცვის პირველი მინისტრია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, მიესალმა ორმხრივ თანამშრომლობას და მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიებში შეტანილი წვლილისთვის.
ლე დრიანმა განაცხადა, რომ ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელზეც შეთანხმება 2014 წლის ნატოს სამიტზე იქნა მიღწეული, საფრანგეთმა თავის თავზე იტვირთა საქართველოს დახმარება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფაში. მისივე თქმით, ამ პროცესს მეთვალყურეობას საქართველოში გამოგზავნილი საჰაერო ძალების ფრანგი ოფიცერი უწევს.
გასული წლის ბოლოს საქართველომ სასესხო ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ ბანკ Société Générale–თან საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის დაფინანსების თაობაზე. სესხი მხარდაჭერილია კრედიტების დაზღვევის ფრანგული სააგენტოს Coface-ს მიერ.
სესხის მთლიანი მოცულობიდან 52.65 მილიონი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის და მომსახურების შეძენას ThalesRaytheonSystems–სგან, რომელიც რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო სისტემებს აწარმოებს. 24.98 მილიონი ევრო მოხმარდება კომპანია MBDA–დან შესყიდვების დაფინანსებას.
თბილისში გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე არსებული კონტრაქტი ძალაში რჩება და სრულყოფილად განხორციელდება.
12 სექტემბერს ჟან-ივ ლე დრიანი გაემგზავრება საჩხერეში სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად, რომელიც ფრანგული მხარის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით დაარსდა.
მინისტრებმა განაცხადეს, რომ საჩხერის სამთო მომზადების სკოლა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის „კარგი მაგალითია“.
იზორიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ამ მიმართულებით ძალისხმევა გააძლიეროს, კონკრეტულად კი საუბარია აბულის სამთო სასროლეთის განვითარებაზე სამცხე–ჯავახეთში.
11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვედრაზე უთხრა: „თქვენს ვიზიტს ვაფასებთ, როგორც საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების მკაფიო გზავნილს“.
ლე დრაინმა ასევე განაცხადა, რომ ოქტომბერში ბათუმის პორტში ფრანგული გემის შემოსვლა იგეგმება.
მანამდე ფრანგული გემები ბათუმს სამჯერ სტუმრობდნენ 2014 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში – ფრანგული ფრეგატი “სურკუფი”, დაზვერვის ხომალდი Dupuy de Lôme და ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი Commandant Birot.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი 12 სექტემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს მოლაპარაკებას.
ასევე 12 სექტემბერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი მედლებს გადასცემს იმ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების გვერდით მსახურობდნენ.