Site icon Civil.ge

სასამართლომ ცესკოს მრეწველების და ჩვენი სამშობლოს საარჩევნო ბლოკის დარეგისტრირება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მრეწველთა პარტიის და ჩვენი სამშობლოს საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საარჩევნო ბლოკს რეგისტრაცია იმ მოტივით გაუუქმა, რომ ბლოკმა კანონით განსაზღვრულ ვადებში პარტიული სია ვერ წარადგინა.    

საარჩევნო ბლოკმა ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც 13 სექტემბერს ამ სარჩელის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ საარჩევნო ბლოკი და მისი კანდიდატები რეგისტრაციაში გაატაროს.

ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას აღასრულებს და სააპელაციო წესით არ გაასაჩივრებს.

მრეწველთა პარტია, რომლის ლიდერიც დეპუტატი გოგი თოფაძეა, პარტია ქართული ოცნების ყოფილი პარტნიორი იყო მმართველ კოალიციაში. პარტია „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერია ზვიად ჩიტიშვილი, რომელსაც საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა და რუსეთში ბიზნესები აქვს; მისი ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა რუსული პასპორტების დარიგება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ორმაგი მოქალაქეობა ქონდეთ. პარტიამ ნაციონალური მოძრაობის ოფისების წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ფიტულები დაწვა.