Site icon Civil.ge

მთავრობას ბურჭულაძისა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებას აბრალებენ

საარჩევნო ბლოკის სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერმა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, განაახლა ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან უკანონო მოსმენების თაობაზე.

სატელეფონო ჩანაწერში გვარამია ეუბნება ბურჭულაძეს, რომ ის „ნირწამხდარია“  იმ განცხადებების გამო, რომელიც მისი საარჩევნო ბლოკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკეთა ახალ პარლამენტში ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან კოალიციის შექმნისთვის მზადყოფნაზე. „ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული. ივანიშვილთან მოთანამშრომლეებისთვის, ჩვენ არ ვართ ღია თანამშრომლობისთვის“, – უთხრა ბურჭულაძეს „რუსთავი 2“-ის დირექტორმა, რომელსაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობები ეკავა; ბურჭულაძემ კი უპასუხა, რომ მისი ბლოკის წევრების განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია ქართული ოცნება ბევრჯერ დაესხა თავს ბურჭულაძის პარტიას და მის ირგვლივ გაერთიანებულ ბლოკს და ნაციონალური მოძრაობის „სატელიტი“ უწოდა. ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძის პოლიტიკური აქტივობა „ნაციონალური მოძრაობის პროექტია“.  

15 სექტემბერს რეგიონულ მედიასთან თავის მორიგ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „დიდი ეჭვები არის“, რომ თვითონ გვარამია დგას ამ ჩანაწერების გავრცელების უკან და „მას შეეძლო ყველაზე იოლად თავისი ნასაუბრების გავრცელება“. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ჩანაწერთან სპეცსამსახურების რაიმე კავშირის ბრალდებას მტკიცებულებები სჭირდება.  

„მან [გვარამიამ] აჩვენა როგორ უჭირავს ხელში პარტია მთლიანად… ლამის ტყავი გააძრო პარტიის ლიდერს, რომ ასეთი რამე როგორ გაბედეთ, ამას როგორ ამბობენ შენ პარტიაშიო და ის [ბურჭულაძე] როგორ იმართლებს თავს – აი ეს არის აქ მთავარი“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

სატელეფონო ჩანაწერზე კომენტირებისას ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც ქართული ოცნების სიით კვლავ იყრის კენჭს პარლამენტში, განაცხადა 14 სექტემბერს: „ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება, რომ ერთ–ერთი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც სტანდარტებზე საუბრობს, პლურალიზმზე, მედიის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ, როგორც ცდილობს მართოს პოლიტიკური პროცესი, როგორ ცდილობს მისცეს დავალებები ერთ–ერთი კოალიციის წარმომადგენელს“.

ჩანაწერზე ბევრი ოპოზიციური პარტიის რეაქციის მსგავსად, გვარამიამ ხელისუფლება ოპონენტების უკანონო მოსმენებში დაადანაშაულა.

„ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო ნამდვილად ძალიან სკანდალურია, მაგრამ არა მისი შინაარსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ნამდვილად გვისმენს და … ამ საუბრებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“, – განაცხადა გვარამიამ და იმ ფაქტზე მიუთითა, რომ YouTube–ზე ატვირთული ვიდეო პირველად ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა საინფორმაციო ვებგვერდმა გაავრცელა.

მან „სასაცილო“ უწოდა იმ მცდელობას, რომ ამ სატელეფონო საუბრის საფუძველზე „რაღაც კონსპირაციები“ განვითარდეს. გვარამიას თქმით, ამ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებაში ის ადამიანები იყვნენ დაინტერესებულნი, რომლებიც ცდილობენ ბურჭულაძე ისე წარმოაჩინონ, თითქოს მას ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს კავშირი.

მისი თქმით, ჩანაწერიდან ის მონაკვეთი ამოიღეს, სადაც ბურჭულაძე მას ეუბნება, რომ ის არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელი არ არის. 

საუბრის ნამდვილობა პაატა ბურჭულაძემაც დაადასტურა, რომელმაც ასევე ხელისუფლება დაადანაშაულა უკანონო მოსმენებში, თუმცა მანაც განაცხადა, რომ  „ამოჭრილია ის, რომ ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ ‘მე არა ვარ არც ქართული ოცნების არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მე ვარ ხალხის წარმომადგენელი’, ამიტომ შემოვედი პოლიტიკაში“.

გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მას ბევრ პოლიტიკურ ლიდერთან აქვს კომუნიკაცია და თავისი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე „რუსთავი 2“–ს ურჩევნია, რომ „პროდასავლურ“ პოლიტიკურ ძალებთან ჰქონდეს უფრო ახლო თანამშრომლობა; გვარამიამ ასევე მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ წავიდნენ საარჩევნო უბნებზე 8 ოქტომბერს და შემოხაზონ „ნებისმიერი ნომერი, [ქართული ოცნების] 41-ის გარდა“.

„სახელმწიფომ ხალხისთვის“ ასევე დაადანაშაულა ხელისუფლება ოპონენტების უკანონო მოსმენებში.

„სკანდალური არის ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს და დამოუკიდებელი მედია საშუალების ლიდერს უსმენენ“, – განაცხადა სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა, დავით ჯანდიერმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია.

ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე დაადანაშაულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ლიდერების და მედიის წარმომადგენლების უკანონო მოსმენებში.

„ფაქტი იმისა, რომ უშიშროების სამსახური უსმენს გენერალურ დირექტორს დამოუკიდებელი ტელევიზიისა ან პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს, არის ძალიან შემაშფოთებელი“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა, სერგი კაპანაძემ, რომლის თქმითაც, ბურჭულაძის და გვარამიას საუბარში სკანდალური არაფერია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო რაიმე მონაწილეობა ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებაში, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ „ეს შენ გეხება“ დაგმო კერძო საუბრის გავრცელების ფაქტი და ხელისუფლებას ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

„ფარული თვალთვალი და მიყურადება, წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ამ დრომდე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო როგორც ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება, ასევე – მოსმენების შესახებ არსებული სამართლებრივი სისტემის ძირეული რეფორმა, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება“, – ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ განცხადებაში, რომელიც 14 სექტემბერს გავრცელდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 14 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენების განხორციელების საშუალებას აძლევს. სასამართლომ კანონმდებლებს მოქმედი რეგულაციების შეცვლისა და შემდეგ ახალი წესების შესაბამისად შემოღებული სისტემის დანერგვისთვის „ობიექტურად საკმარის ვადად“ 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი განუსაზღვრა.