17 წლის ქართველი მოზარდი, რომელმაც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ერთი დღე პატიმრობაში გაატარა, კვირას გაათავისუფლეს.
ჯონი გოგიჩაიშვილი პარასკევს სოფლების ბერშუეთის და გდულეთის მახლობლად დააკავეს, როგორც ცხინვალი და რუსი სამხედროები აცხადებენ, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის“ გამო.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ადგილზე უიარაღო დამკვირვებლებით არის წარმოდგენილი, თუმცა საშუალება არ აქვს, რომ პატრულირება ოკუპირებული ტერიტორიაზე აწარმოოს, მიესალმა მოზარდის „სწრაფ გათავისუფლებას“ და განაცხადა, რომ ის დაეხმარა ამ პროცესს მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგის საშუალებით.
ადგილობრივი მაცხოვრებლების დაკავებები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, როგორც ცხინვალი და რუსი სამხედროები აცხადებენ, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო“ არც ისე იშვიათია. ჩვეულებრივ, დაკავებულებს დაჯარიმების შემდეგ რამდენიმე დღეში უშვებენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს სულ 109 პირი დააკავეს – ორი მათგანი კვლავ პატიმრობაში რჩება ცხინვალში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა სულ 163 პირი დააკავეს.
თბილისის და ცხინვალის წარმომადგენლები დაკავებების და თავისუფალი გადაადგილების შემთხვევებს რეგულარულად განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში სოფელ ერგნეთში, რომლებიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ხელშეწყობით იმართება. ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 28 სექტემბერსაა დაგეგმილი.