- პრემიერ–მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა;
- 8 ოქტომბერს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ უზრუნველყოფის პირობა დადო;
- ‘8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს’;
- დაგმო „ანექსიისკენ გამიზნული მოსკოვის პოლიტიკა“;
- „მიმდინარე ოკუპაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა“;
- „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას მიმართავს, 2016 წლის 21 სექტემბერს. ფოტო: გაერო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა, 8 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა დადო და „ანექსიისკენ გამიზნული“ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო.
„ჩვენ დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე და უზრუნველვყავით: თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება; თავისუფალი მედია; თავისუფალი ბაზარი; საზოგადოების ერთიანობა; და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა თავის 20–წუთიან გამოსვლაში 21 სექტემბერს.
თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი, როგორც მან აღნიშნა, დაუთმო მთავრობის „ხედვას“, თუ როგორ უნდა აისახოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები კონკრეტულ ქმედებებში და ამ კონტექსტში პრემიერ–მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოთხპუნქტიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მოიცავს „გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას და მეწარმეობის ხელშეწყობას; ეფექტიან მმართველობას; რეგიონალურ და ინფრასტრუქტურის განვითარებას და განათლების რეფორმას“. ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო პროგრამის მთავარი ნაწილია. თავის გამოსვლაში პრემიერ–მინისტრმა, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეცაა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება.
„ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის“ შესახებ საუბრისას, პრემიერ–მინისტრმა დაგეგმილი „ბიზნესსახლის“ პროექტი ახსენა, რომელიც უკვე არსებული იუსტიციის სახლების მსგავსად, ერთი ფანჯრის პრინციპით იმოქმედებს. მან ასევე ახსენა გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წლის იანვრიდან შევა ძალაში.
განათლების შესახებ საუბრისას, მან იმ დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც დაეხმარება პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებს „თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე“. მან ასევე ისაუბრა ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დაწყებაზეც, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც 1 მილიარდ ევროს შეადგენს. ერთ–ერთი უნივერსიტეტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია ქუთაისში 12 სექტემბერს გაიმართა; პროექტს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
„მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ „შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციებს კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში“.
გასულ კვირას პრემიერ–მინისტრმა სივრცითი მოწყობის პროექტი წარმოადგინა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს 2020 წლის ჩათვლით 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთავრობა პროექტის დაფინანსებას სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორული პროექტების მეშვეობით გეგმავს.
‘ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს’
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარე კამპანია, რომელიც ოფიციალურად ივნისის დასაწყისში დაიწყო, „მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება“.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით“, – განაცხადა მან.
„8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, – დასძინა პრემიერ–მინისტრმა.
‘კანონის უზენაესობის განმტკიცება’
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო „მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად“.
„ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელმაც რეფორმების რამდენიმე ტალღა განვლო, რათა მიეღწია დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხისთვის“, – განაცხადა მან.
პარლამენტმა ვერ შეძლო „სასამართლო რეფორმების მესამე ტალღის“ სახელით ცნობილი კანონპროექტთა პაკეტის მიღება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საქმეთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული წესით განაწილების შემოღებას ითვალისწინებს, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა სასამართლოების თავმჯდომარეთა როლს და სუბიექტურ ფაქტორებს ამ პროცესში.
‘გლინიკეს ხიდის თანამედროვე ვერსია’
რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებზე აღმართულ მავთულხლართებს მან „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსია უწოდა, რომელიც ცივი ომის დროს დასავლეთ ბერლინსა და აღმოსავლეთ გერმანიას შორის საზღვარს წარმოადგენდა.
თავის ერთ–ერთ გამოსვლაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარალელები გაავლო ბერლინის კედელთან, როდესაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.
„ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ. ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა.
„ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ ასამბლეას იმ რეზოლუციების მხარდაჭერისთვის, რომელიც აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თბილისის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელსაც მოსკოვი ეწინააღმდეგება, გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველ წელს იღებს 2008 წლიდან მოყოლებული; სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, რუსი მომლაპარაკებლების მხარდაჭერით, უარს აცხადებენ დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების ჟენევის დისკუსიების ფორმატში განხილვაზე და ამის მიზეზად თბილისის მიერ საკითხის „პოლიტიზირებას“ ასახელებენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამ თემის ყოველწლიურად დაყენებით.
ამ რეზოლუციის შესახებ საუბრისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს“.
„ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს“, – განაცხადა მან, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს“.
„შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარება, როგორც „მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“.
„მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, „რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი“.
„ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მოსკოვი არ სცემს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.
გაიმეორა რა თბილისის მზადყოფნა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მომავალშიც მოახდენს რეაგირებას „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას“.
„ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას“, – დასძინა მან.
საგარეო პოლიტიკის შესახებ პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია „მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბება ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ“.
„ჩვენ ვართ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ალიანსთან“, – განაცხადა მან.
ევროკავშირის შესახებ საუბრისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან „ასოცირებული ქვეყანაა“ და „ჩვენი სტრატეგიები, ინსტიტუტები და საბაზრო ნორმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს“.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვდა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ენტონი ბლინკენს; გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს; ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შარლ მიშელს; სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას; მოლდოვას პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს; ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის. ამას გარდა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე – დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები და ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე – ეფექტური ინსტიტუციები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)