ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან უკრაინიდან ვიდეო მიმართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის რეგიონის გუბერნატორია, განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „გარდაუვალია“.
მისი თქმით, „გამოკითხვებით“ ნაციონალური მოძრაობა, რომლის თავმჯდომარის პოსტიც მან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ ოფიციალურად დატოვა, „ძალიან მაგრად იგებს“ როგორც რეგიონებში, ისე თბილისშიც.
თავის მეუღლეზე, სანდრა რულოვსზე საუბრისას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთმანდატიან ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს, სააკაშვილმა განაცხადა: „ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი გამოვაგზავნე ზუგდიდში… სანდრა მე ვარ“.
ზუგდიდში იმავე შეხვედრაზე გამოსვლისას სანდრა რულოვსმა, რომელიც იმავდროულად ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის მეორე ნომერია, განაცხადა, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დაბრუნდება საქართველოში, რათა „ჩვენთან ერთად იზეიმოს გამარჯვება“.
დეპუტატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიას უდგას სათავეში, ზუგდიდის შეხვედრაზე განაცხადა: „ძალიან ახლოს ვართ არა მხოლოდ ჩვენს გამარჯვებასთან, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებასთან“.
„12 დღე გვაშორებს არჩევნებს, 12 დღე გვაშორებს იმ დღეს, როდესაც ჩვენ ყველა ერთად მშვიდად, წყნარად უარს ვეტყვით ამ ქვეყანაში უნიათობას, უკუსვლას, ტყუილ დაპირებებს და გაუკეთებელ საქმეს და ყველა ერთად, ახალი ენერგიით წავიყვანთ საქართველოს წინ, უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
იმავდროულად, თბილისში ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე აქტივისტმა განაცხადა 26 სექტემბერს, რომ ისინი ორგანიზაციას ტოვებენ; მათ ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის დაგეგმვაში დაადანაშაულეს. თავისუფალი ზონის ორმა ყოფილმა აქტივისტმა ასევე განაცხადა, რომ ისინი დაახლოებით ოთხი დღის წინ კიევში სააკაშვილს შეხვდნენ და ეს საკითხი განიხილეს. ამ ბრალდების გასაჯაროების შემდეგ აქტივისტები, რომელთაგან ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში 117-ე ადგილს იკავებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ნაციონალურმა მოძრაობამ უპასუხა, რომ აქტივისტების ბრალდება იმ ზეწოლის შედეგი იყო, რომელიც მათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა.
„თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების ბრალდებების კვალდაკვალ პარტია ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა „პროვოკაციების“ დაგეგმვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„თავისუფალი ზონის წევრთა განცხადებამ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში – რეალურად ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია … ძალიან კარგია, რომ ნაციონალურ მოძრაობაშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას“, – განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ, რომელიც გასულ კვირას სამდღიანი ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს წინასაარჩევნო სიტუაციის შესაფასებლად, განაცხადა 24 სექტემბერს, რომ თბილისში გამართული შეხვედრების დროს თანამოსაუბრეთა უმეტესობამ 2012 წელთან შედარებით „გაუმჯობესებულ“ წინასაარჩევნო გარემოს გაუსვა ხაზი.
„დელეგაციამ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის აქტიური კონკურენციაა“, – განაცხადა დელეგაციამ, „მაშინ როდესაც თანამოსაუბრეთა უმეტესობამ პოლარიზებული საარჩევნო გარემო აღნიშნეს, ასევე ითქვა, რომ ის ნაკლებად დაძაბულია, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებზე. დელეგაციამ მხედველობაში მიიღო ბრალდებები დაშინების და კამპანიის ხელისშეშლის შემთხვევების თაობაზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მათ ასევე მოუწოდეს მხარეებს, რომ საჩივრების და კამპანიის დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიების ოფიციალური პროცედურები გამოიყენონ“.
გასულ კვირას გაკეთებულ რამდენიმე კომენტარში აშშ–ის ელჩი საქართველოში, იან კელი მიესალმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. მან 21 სექტემბერს განაცხადა: „ზოგადი თვალსაზრისით, ვფიქრობ, მოხარულები ვართ იმით, რომ კამპანიის ტონი კონკრეტულ საკითხებზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, ბევრი თვალსაზრისით, სამაგალითოა, თუ როგორც მიმდინარეობს ეს კამპანია. ჩვენ კვლავაც ახლო კონტაქტები გვაქვს პოლიტიკურ პარტიებთან; გვაქვს ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს დაშინების შემთხვევებს და ჩვენი ზოგიერთი წუხილი გადავეცით საქართველოს ხელისუფლებას. ზოგადად, ვისურვებდი, რომ ამერიკაში ჩვენი არჩევნებიც ისეთივე კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული იყოს, როგორც აქ არის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)