Site icon Civil.ge

ქართულმა ოცნებამ ამერიკული ლობისტური, PR კომპანიები დაიქირავა

ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ Impact Management Group (IMG) დაიქირავა ამერიკის შეერთებულ შტატებში „ლობისტური მომსახურების“ გასაწევად 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის შემდეგ.

ოთხთვიანი კონტრაქტის თანახმად, რომელიც 4 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, ქართული ოცნება IMG–ს 320 000 აშშ დოლარს გადაუხდის, იმ დოკუმენტების თანახმად, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ მიმდინარე თვეს აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტს წარუდგინა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agent Registration Act – FARA) ფარგლებში.

მთავრობასთან ლობისტური საქმიანობისთვის IMG–მ ქვეკონტრაქტორი, ვაშინგტონში განთავსებული ლობისტური ფირმა Alpine Group–ი დაიქირავა, რომელიც 29 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში 22 500 აშშ დოლარს მიიღებს.

„მედიასთან ურთიერთობების მომსახურების“ თვალსაზრიდით IMG–ს ცალკე ქვეკონტრაქტი აქვს გაფორმებული კომპანია K-Global-თან, რომელიც ასევე უწევდა მომსახურებას ქართულ ოცნებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. 10 000 აშშ დოლარის ღირებულების ქვეკონტრაქტი K-Global-თან 29 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

კონტრაქტის თანახმად, IMG–ი პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლებს აშშ–ის კონგრესის და „შესაბამისი უწყებების“ წარმომადგენლებთან შეხვედრების დაგეგმვაში დაეხმარება, რათა ინფორმაცია მიაწოდონ მათ საქართველოსა და ასევე მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. IMG–ი რჩევებს მისცემს ქართულ ოცნებას „საკომუნიკაციო სტრატეგიაზე და დაეხმარება სიახლეების განთავსებაში სანდო საინფორმაციო ორგანიზაციებში“; ასევე დაეხმარება დასავლეთის საინფორმაციო ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში და „პარტიის გზავნილების გადაცემაში აშშ–ის პოლიტიკური ლიდერებისთვის აშშ–ში“.

კონტრაქტის თანახმად, კომპანია ლოჯისტიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ქართული ოცნების წარმომადგენლების ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათ შეხვედრებს კონგრესის წევრებთან, ასევე ანალოგიურ ლოჯისტიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს კონგრესის წევრების ვიზიტებს საქართველოში.

აპრილში საქართველოს მთავრობამ იურიდიული და ლობისტური კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman–ი დაიქირავა აშშ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და აშშ–ის ადმინისტრაციის და კონგრესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის კუთხით რჩევების და დახმარების მისაღებად. ერთწლიანი კონტრაქტის თანახმად, მთავრობა Pillsbury–ს თვეში 50 000 აშშ დოლარს უხდის.