Site icon Civil.ge

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანაპირო დაცვას ორი საპატრულო ხომალდი გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ  30 სექტემბერს ბალტიმორში გამართულ ცერემონიაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა. 

„ეს ორი საპატრულო კატარღა მკვეთრად გაზრდის სანაპირო დაცვის მუშაობის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს სანაპირო დაცვას, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონიდან  სხვადასხვა სახის ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში“, – განაცხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, რომელიც ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შალვა ხუციშვილთან ერთად დაესწრო. 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდების ეკიპაჟების 10–კვირიან გადამზადებას.

აშშ საქართველოს სანაპირო დაცვას 1990–იანი წლების ბოლოდან ეხმარება, მათ შორის რამოდენიმე საპატრულო კატარღის ჩუქებით, რომელთა შორისაც ასევე იყო Point–ის კლასის კატარღები.  

აშშ–ის მთავრობის დაანგარიშებით, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შედეგად თითქმის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აშშ–ის მიერ გადმოცემული ტექნიკა და აღჭურვილობა განადგურდა, მათ შორის ოთხი კატარღა, სანაპირო დაცვის ორი სარადარო სადგური, ძირითადი სამეთაურეო ცენტრი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.

მას შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანაპირო დაცვისთვის ოთხი ახალი სარადარო სადგური დააფინანსა – გონიოში, ანაკლიაში, სუფსასა და ჩაქვში.

აშშ-ის დაფინანსებით 2014 წელს საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი გაიხსნა სუფსაში, ხოლო 2013 წელს – სანაპირო დაცვის გემების სარემონტო სახელოსნო ფოთში.

2015 წლის სექტემბერში ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ახალი ნავმისადგომი გაიხსნა, რომლის მშენებლობაზეც შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 14 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.