Site icon Civil.ge

სააკაშვილი: ‘ჩვენ გავიმარჯვებთ და დავიცავთ გამარჯვებას’

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და დაბრუნდება ქვეყანაში, რათა მთავრობის დაკომპლექტებაში მიიღოს მონაწილეობა.

„8 ოქტომბრის არჩევნები ჩვენ გვაქვს მოგებული და როგორც კი მოვიგებთ, ჩვენ ამ არჩევნებს დავიცავთ – საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ასე იქნება“, – განაცხადა მან ორშაბათს საღამოს Facebook–ზე პირდაპირი ჩართვისას.

სააკაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო, სანამ გასული წლის ბოლოს საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა და რომელიც იძებნება მთელი რიგი ბრალდებების გამო, რომელთაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, განაცხადა, რომ ის დაბრუნდება და საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.  „რამდენიმე დღე რჩება ჩემი და თქვენი ხელახლა შეხვედრამდე“, -დასძინა მან.

„დარწმუნებული ვარ, რომ ვიმარჯვებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა, „დააკვირდით ბიძინა ივანიშვილის სახეს, დააკვირდით რა პანიკაშია. ჩვენ ვიმარჯვებთ დამაჯერებლად, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მთავრობა დავაკომპლექტოთ“.  

მისი თქმით, ეგზით პოლები, რომელსაც „რუსთავი 2“ არჩევნებისთვის გეგმავს, „ჩვენი მთავარი იარაღი“ იქნება არჩევნების შედეგების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)