პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს საღამოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას „ტერაქტი“ და „კრიმინალის შეტევა“ უწოდა „ნორმალურ, პოლიტიკურ, დემოკრატიულ პროცესზე“.
მან პოლიტიკურ ძალებს საკუთარ რიგებში კრიმინალური ელემენტების ლოკალიზაციისკენ, სამართალდამცავებს კი ამგვარი ადამიანების ნეიტრალიზებისთვის „მეტი ინტენსიური მუშაობისკენ“ მოუწოდა.
პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას, რომელიც მისი თქმით, არ არის განწყობილი ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის, რომ არ აყვეს იმ ჯგუფების მცდელობას, რომელთაც ნორმალური ევროპული პოლიტიკური პროცესიდან ამ არჩევნების ამოგდება სურთ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თარგამაძე და მისი მძღოლი სამშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში მათი მანქანის აფეთქებას გადაურჩნენ; შემთხვევის ადგილას ოთხი გამვლელი დაშავდა. პოლიციამ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
„მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ მყოფი ადამიანები, ვინც დაზარალდნენ, მათი ჯანმრთელობა დროზე გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ასეთი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ქალაქის ცენტრში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 5 ოქტომბერს ვაზიანში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
მან მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს მათივე ინტერესებიდან გამომდინარე „გაცხრილონ“ თავიანთი რიგებიდან „კრიმინალური ელემენტები“, რომლებიც არამარტო პოლიტიკური სისტემისთვის, არამედ საშიშნი არიან „თქვენთვისვე, რომლებსაც შესაძლოა გგონიათ, რომ ისინი თქვენი თანამოაზრეები არიან“.
„სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილნი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები. პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ხედავენ, როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთმანეთთან. ასე ჰგონიათ მათ, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა მან.
„მე მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს – იცოდეთ, რომ ეს ადამიანები საშიში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისათვის, არამედ პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებებზე, განწირულია იმისთვის, რომ ბოლოს ეს ელემენტები, მოგაკითხავენ თქვენ, პოლიტიკოსებს და თქვენთან განახორციელებენ ანგარიშსწორებას, პოლიტიკური ძალების შიგნითვე. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ იპოვნონ ძალა და თავიანთივე პოლიტიკურ პარტიებში, თავიანთივე რიგებში, მოახდინონ ასე მოაზროვნე ადამიანების ლოკალიზაცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„ასევე მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს“, – განაგრძო მან, „ამ ადამიანებთან ბრძოლა, მათი აღმოჩენა, ლოკალიზება, ნეიტრალიზება არის არამარტო თქვენი მოვალეობა, არამედ საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობისა და განვითარების წინაპირობა“
„თქვენ უნდა იყოთ ბოლომდე დაცლილი ყველა პოლიტიკური კონტექსტიდან. არავის არ უნდა გაუწიოთ ანგარიში. იცოდეთ, რომ ამ თვალსაზრისით საჭიროა, მეტი ინტენსიური მუშაობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა და მხარდაჭერა აღუთქვა „ბოლომდე იმ საქმეში, რასაც კრიმინალების დევნა და შესაბამისად, ნორმალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფა, ნორმალური არჩევნების ჩატარება და საქართველოს მოქალაქეებისათვის იმ გარანტიების შექმნა ჰქვია, როცა ისინი პატარა კრიმინალური დაჯგუფებების მძევლები არ იქნებიან“.
მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას „სტაბილურობის, სიმშვიდის, დემოკრატიული განვითარების ირგვლივ“ გაერთიანებისკენ.
„მე მინდა მივმართო საზოგადოებას- თქვენ ხედავთ რამდენად ნორმალურად და მშვიდად ვითარდება საარჩევნო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი. ჩვენ არ ვართ განწყობილი ერთმანეთთან დაპირისპირებისათვის, ჩვენ ვატარებთ ნადვილად, ნორმალურ, პოლიტიკურად ევროპულ სტილში მიმდინარე არჩევნებს, მაგრამ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს არჩევნები ამოაგდონ ნორმალური ევროპული პოლიტიკური პროცესიდან. ეს აწყობს ბევრს, იმ ადამიანებს, ვისთვისაც საქართველოს წარმატება და საქართველოს ევროპულ ცივილიზებულ სახელმწიფოდ შედგომაც საშიშროებაა“, – განაცხადა მან.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობა, რომელიც უყურებს არჩევნებს არა როგორც ომს, არამედ, ქვეყნის გაძლიერებისა და განმტკიცებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, ეს განწყობა გაიმარჯვებს. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ჩვენ ვაზროვნებთ სხვანაირად და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას იმისთვის, რომ ერთმანეთის ცემით, სროლით და აფეთქებით რამე განწყობა შევქმნათ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები შედგება, როგორც „უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესის ნაწილი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)