Site icon Civil.ge

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სახელით, 5 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას.

ამ გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოსთვის  უვიზო რეჟიმზე უწყებათაშორისი მოლაპარაკების დაწყებას – ეს არის საკანონმდებლო პროცესის ნაწილი, როდესაც ევროპარლამენტი კონკრეტულ საკითხზე განხილვებს იწყებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირის საბჭოსთან, რომლის თანხმობა ასევე საჭიროა, რათა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდეს. 

5 ოქტომბრის გადაწყვეტილების შედეგად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, სლოვაკეთი  მოლაპარაკებებს დაიწყებს ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით.

შემდეგ ამას მოყვება კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თუმცა, საბჭომ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება უვიზო მიმოსვლის ახალი, გამარტივებული  და უფრო სწრაფი შეჩერების მექანიზმის შემოღების პარალელურად უნდა მოხდეს.

შეჩერების მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დროებით ისევ შემოიღონ სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საიდანაც იზრდება უვიზო პირობების დარღვევის, თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას.

დისკუსია ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის შეჩერების მექანიზმზე კვლავ მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა ეს დარჩენილი პროცედურა, მათ შორის ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირების პროცესი, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები  შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.

„დღეს საბჭომ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მიმართ, რომლის დროსაც მხედველობაში მივიღეთ ქვეყანაში გატარებული რეფორმები“, – განაცხადა სლოვაკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში პიტერ იავორჩიკმა. 

„თავმჯდომარე ქვეყანას სჯერა, რომ რეალური რეფორმების სწორი გზაა არჩეული და ის უნდა წახალისდეს. იმედი გვაქვს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს შესაბამისი პროცესის დასრულებას, რათა საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება მალე ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით“, – განაცხადა მან.