Site icon Civil.ge

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

საქართველომ და ჩინეთმა 5 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. 

მემორანდუმს თბილისში ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა გაო ხუჩენმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს ხელი.

თბილისი იმედოვნებს, რომ თავად ხელშეკრულებას წლის ბოლოსთვის მოეწერება ხელი, ხოლო ძალაში კი 2017 წლის შუა პერიოდიდან მას შემდეგ შევა, რაც შიდა პროცედურები, მათ შორის ორივე ქვეყნის მიერ მისი რატიფიცირება დასრულდება. 

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 17 თავისგან შედგება, საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, რომ „ნულოვანი ტარიფით ისარგებლოს პროდუქციის დიდ უმრავლესობაზე“.

მას შემდეგ, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევა, ჩინელ მომხმარებლებს მეტი წვდომა ექნებათ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე, როგორიცაა ღვინო და ხილი საქართველოდან, ხოლო ქართველები ჩინური წარმოების შედარებით იაფ სამრეწველო პროდუქციას მიიღებენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Xinhua ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის გაო ხუჩენის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც თბილისში პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა.

საქართველოს ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის ნაწარმი იმ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც ჩინეთში „ნულოვანი ტარიფით“ შევა როგორც კი შეთანხმება ამოქმედდება „ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე“.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველომ 2016 წლის პირველ რვა თვეში  ჩინეთში 3.36 მილიონი 0.75–ლიტრიანი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 2.4–ჯერადი ზრდაა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ჩინეთში 1.18 ბოთლი ღვინო შევიდა.

ჩინეთი 2016 წლის პირველ რვა თვეში ქართული ღვინისთვის მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო რუსეთის შემდეგ, სადაც იმავე პერიოდში 14.6 მილიონი ბოთლი ღვინო გაიგზავნა.

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2016 წლის თებერვალში გამართეს.

„ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, ჩვენ შევძელით და უმოკლეს დროში, 7 თვეში, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან ჩინეთის მხარეს მოლაპარაკებების პროცესში გამოჩენილი კონსტრუქციულობისათვის მადლობა გადაუხადა.