Site icon Civil.ge

შსს: თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან ‘კავშირში მყოფი’ პირი იდენტიფიცირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა პარასკევს ღამით, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან „კავშირში მყოფი პირი“ იდენტიფიცირებულია. 

დეპუტატი გივი თარგამაძე და მისი მძღოლი 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში მანქანის აფეთქებას გადაურჩნენ, თუმცა ოთხი გამვლელი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე გამოძიების შედეგად, რომელიც ასევე მოიცავდა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების შესწავლას, შესაძლებელი გახდა „დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება“.

„გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქმე „გახსნილად“ გამოაცხადა.

ეჭვმიტანილის ვინაობა არ გახმოვანებულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი გაასაჯაროვა, რომლის მეშვეობითაც, სამინისტროს თქმით, შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება.

„მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით“, – განაცხადა შსს–მ. 

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის და მასთან „კავშირში მყოფი“ სხვა პირების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა განახორციელეს.

„ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს“, – განაცხადა შსს–მ.

ინფორმაცია დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებულ ახალ დეტალებზე პარასკევს საღამოს გავრცელდა, როდესაც ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ სამართალდამცავები გლდანში ეჭვმიტანილის საცხოვრებელში ჩხრეკას ატარებდნენ. მამაკაცის ვინაობა სიუჟეტში იდენტიფიცირებული იყო როგორც სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)