Site icon Civil.ge

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 10 საათისთვის 8.34% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ  8.34% შეადგინა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბნების გახსნიდან ორ საათში 3 513 884 რეგისტრირებული ამომრჩეველიდან თავისი არჩევანი 292 957 ადამიანმა დააფიქსირა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10.3% იყო, ხოლო კენჭისყრის დასრულების შემდეგ 60.8% შეადგინა.

ყველაზე მაღალი აქტივობა  – 13.1% დილის 10 საათისთვის 58-ე ოლქში დაფიქსირდა, რომელიც ამბროლაურს, ონს, ცაგერს, ლენტეხსა და მესტიას მოიცავს.

"ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში", – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ 11 საათზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მცირე დაგვიანებით დაიწყო, თუმცა კენჭისყრის პროცესი ახლა მიმდინარეობს. 

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა "არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა".