Site icon Civil.ge

საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51.63% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 51.63%-ია.

2012 წლის წინა საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 60.8% იყო.

ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ხულოს, შუახევისა და ქედის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში იყო – 61.43%, ხოლო ყველაზე პასიური გარდაბანში – 37.78%.

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანი 8 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო  შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე.

„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულის მიუხედავად, გარდა ერთეული შემთხვევებისა, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლო მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე, სადაც საარჩევნო უბანზე თავდასხმის ინციდენტს ჰქონდა ადგილი და რამაც ხმის მიცემის შეფერხება გამოიწვია, ამჟამად  ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით.

იმავდროულად, ცესკო ითვლის ავღანეთში ქართველი სამხედროების კენჭისყრის შედეგებს – ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში გახსნილ ორ უბანზე  5 ოქტომბერს მისცეს ხმა.

ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საოლქო კომისიებში 110 საჩივარია შესული, რომლებიც „ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს“ და „უმეტესობის მოთხოვნაა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, რომელიც უმსხვილესი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, „ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ჩატარდა“.

„ცალკეულ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა დაძაბულობა, თუმცა აღნიშნულ გარემოებას ერთი გამონაკლისი [მარნეულის] შემთხვევის გარდა, არსებითი გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის პროცესზე“, – აცხადებს „სამართლიანი არჩვნები“ და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა დამკვირვებლებმა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს საარჩევნო პროცედურების დარღვევები,  „საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტებს არ შეეძლო არსებითი გავლენა ჰქონოდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)