ცესკოს მიერ დათვლილი შედეგების თანახმად, ავღანეთში გახსნილ ორ უბანზე 5 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგებით, ქართული ოცნება 614 ხმით ლიდერობს, 297 ხმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას და 221 – ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს".
შემდეგ მოდის ლეიბორისტული პარტია 49 ხმით; პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" – 28 ხმით; რესპუბლიკური პარტია, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც თინა ხიდაშელი ივლისის ბოლომდე თავდაცვის მინისტრი იყო – 7 ხმით; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ – 5 ხმით და პატრიოტთა ალიანსი – 4 ხმით. ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის პარტიამ 1 ხმა მიიღო.
ცესკომ ავღანეთიდან მიღებული ბიულეტენები 8 ოქტომბერს საერთო კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაითვალა.
ავღანეთში, ცესკოს უკანასკნელი ინფორმაციით, სულ 1603 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან 1471 ბაგრამის უბანზე, საიდანაც არჩევნებში 1171-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა; და 132 მაზარ-ი-შარიფის უბანზე, რომელზეც 100%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
ბაგრამის უბანზე ქართულმა ოცნებამ 564 ხმით მოუგო ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ამ უბანზე 232 ხმა დააგროვა; ხოლო მაზარ-ი-შარიფის მცირერიცხოვან უბანზე პირველ ადგილზე 65 ხმით ნაციონალური მოძრაობა გავიდა და მას 50 ხმით ქართული ოცნება მოყვება.
ავღანეთში არჩევნები, ბოლო საპრეზიდენტო და წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საერთო არჩევნების დღემდე გაიმართა, სადაც ქართველმა სამხედროებმა მხოლოდ პროპორციული წესით მისცეს ხმა.