Site icon Civil.ge

წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნება დიდი უპირატესობით ლიდერობს



თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები საარჩევნო ყუთს ბიულეტენებისგან ცლიან ხმების დასათვლელად, 2016 წლის 8 ოქტომბერი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

უბნების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების პროპორციულ ნაწილში, ქართული ოცნება 48.6%–ით ლიდერობს. 

3 702 უბნიდან 3 699-ის შემაჯამებელი ოქმების თანახმად, ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს, ხმების 27.14% მიიღო.

საარჩევნო ბლოკი პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობით 5%-იან ზღვარზეა – სწორედ ამ ბარიერის გადალახვაა საჭირო პარლამენტში მოსახვედრად. 

მეოთხე ადგილს 4.61%-ით ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" იკავებენ. 

შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3.45%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობა – 3.54%; ლეიბორისტული პარტია – 3.13%–მდე; რესპუბლიკურმა პარტია – 1.55%.

არჩევნებში მონაწილე ყველა სხვა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა საერთო ჯამში ხმების 3%–ზე ნაკლები დააგროვეს.

იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი შედეგები ძალაში დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ორი პარტია – ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გადაინაწილებენ 77 ადგილს პარლამენტში პროპორციული სისტემით, ვინაიდან ვერც ერთი სხვა პარტია 5%–იან ბარიერს ვერ ლახავს.

დანარჩენი 73 ადგილი პარლამენტში მაჟორიტარული წესით გადანაწილდება.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ტურები დიდი ალბათობით იმ 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, სადაც ვერცერთი კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ აგროვებს. მეორე ტური საერთო არჩევნების დღიდან მაქსიმუმ 25 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს. 

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები არჩევნებს, წინასწარი მონაცემებით, 23 ერთმანდატიან ოლქში იგებენ; მმართველ პარტიას 73-დან 72 მაჟორიტარულ ოლქში ჰყავდა კანდიდატები წარდგენილი. უმეტესობა ოლქებში ერთმანეთს მეორე ტურში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)