ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავის მხარდამჭერებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ „გამაფრთხილებელი“ აქციის გამართვისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ხელისუფლება „არჩევნების მოპარვას“ ცდილობს.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ცესკოს წინ შეკრება ღამის 3 საათზე დაიწყეს, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდ საათში.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, რაც უბნების დაახლოებით ერთ მესამედს მოიცავს, ქართული ოცნება დიდი სხვაობით ლიდერობს ხმების 51%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა ხმების 25%–ზე მეტით; პატრიოტთა ალიანსს ბარიერის გადასალახად საჭირო 5%–ზე ნაკლები აქვს.
„გაკეთებული არჩევანი იქნა მოპარული და ამცნეთ თქვენ საზოგადოებას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს ქონია 53%–იანი მხარდაჭერა… ჩვენ, ბუნებრივია ბოლომდე დავიცავთ ხმებს“, – მიმართა ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსმა და დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ცესკოს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, სადაც პოლიციის კორდონი გაკეთდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო ადმინისტრაციის წინ აქციის გამართვა დააანონსა.
აღნიშნა რა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები მოიგო, მელიამ ასევე განაცხადა, რომ ბრძოლა „გადამწყვეტ ფაზაში შედის“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ბრძოლა იქნება „უკომპრომისო“.
ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნება ხმების დათვლის პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა იმ საარჩევნო უბნებში, სადაც, პარტიის თქმით, ის არჩევნებს იგებდა.
სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში ორი საარჩევნო უბანი დაარბიეს შაბათს გვიან ღამით მას შემდეგ, რაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ცესკო შემაჯამებელ ოქმებს შერჩევითად აქვეყნებს – იმ უბნებიდან, სადაც ქართული ოცნება იგებს იმისათვის, რომ მცდარი შეხედულება შექმნას, რომ ზოგადად არჩევნებს ქართული ოცნება იგებს.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა მოითხოვეს; ჟვანია დათანხმდა და გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძეს და ნიკა მელიას შეხვდა კვირას გამთენიისას.
შეხვედრის შემდეგ ბოკერიამ განაცხადა, რომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს და პარტია მომავალ საპროტესტო ნაბიჯებზე პარტიის შიგნით კონსულტაციებს გამართავს.
77 ადგილი 150–წევრიან პარლამენტში პროპორციული სისტემით, ხოლო 73 ადგილი მაჟორიტარი წესით გადანაწილდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)