ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით ბაქრაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაინიშნა, რომელიც 5 დეკემბრიდან არჩილ გეგეშიძეს შეცვლის.
დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნის შესახებ განკარგულებას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, მისი ადმინისტრაციის თანახმად, 12 ოქტომბერს მოაწერა ხელი; ამ საკადრო გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, როცა 9 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ბაქრაძე აშშ-ში ელჩად გეგეშიძეს შეცვლიდა, რომელიც ქართულ დიპლომატიურ მისიას 2013 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
„საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაცია; საკითხები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერებას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას; საკითხები, რომელიც უკავშირდება კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა სახის ურთიერთობების გაძლიერებას – ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები და რასაკვირველია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელზეც მომიწევს მუშაობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თავის სასახლეში უმასპინძლა.
დავით ბაქრაძე სახელმწიფო მინისტრის რანგში საქართველოს მთავრობის წევრი 2014 წლის ნოემბრიდან გახდა, მიმდინარე წლის მაისში კი მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა. მინისტრობამდე მას საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა, 2012 წლის მარტამდე ფინეთში საქართველოს საელჩოში მუშაობდა; 2006-2008 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ ევროპულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა; მანამდე კი შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად მუშაობდა. 2002 წლამდე ვიდრე დიპლომატურ კარიერას დაიწყებდა, ბაქრაძე 1997 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, ხოლო 1996 წელს პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ბაქრაძეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)