Site icon Civil.ge

მეორე ტურების წინ ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს მიმართავს უთხრას ‘არა საკონსტიტუციო უმრავლესობას’

მას შემდეგ, რაც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობის და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა და მისი მთავარი გზავნილი ამომრჩევლის მიმართ არის, რომ არ მისცენ ქართულ ოცნებას საშუალება ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

„დიდი საფრთხეა, რომ ქართულმა ოცნებამ აიღოს სრულიად უკონტროლო საკონსტიტუციო უმრავლესობა! ამიტომ, თხოვნა გვაქვს, მოხვიდეთ მეორე ტურზე, წამოიყვანოთ კიდევ ერთი ადამიანი და დაუჭიროთ მხარი სხვა კანდიდატებს. მოიყვანეთ მეგობარი და ერთად ვუთხრათ უარი ოცნების უკონტროლო ხელისუფლებას“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ გზავნილში.

პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერია და რომელიც, სავარაუდოდ, არჩეული იქნება ახალ პარლამენტში, რეგიონებში ჩადის და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან შეხვედრებს მართავს, რათა, ერთის მხრივ, აუხსნას მათ პარლამენტში შესვლის სასარგებლოდ პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსი, ხოლო მეორეს მხრივ, გაამხნევოს ისინი მეორე ტურების წინ. 

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ 11 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტში შესვლას დაუჭირა მხარი.

60–წევრიანი პოლიტსაბჭოს სხდომაზე დამსწრე 49 წევრიდან 33–მა პარლამენტში შესვლას დაუჭირა მხარი; 9 წინააღმდეგი იყო, ხოლო 7–მა თავი შეიკავა; პარტიის წამყვანი წევრები პარლამენტში შესვლის მომხრე იყვნენ.

იმ წევრებს შორის, ვინც პარლამენტში შესვლის და მეორე ტურებში მონაწილეობის წინააღმდეგ მისცა ხმა, რასაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უჭერდა მხარს, ლევან ვარშალომიძე, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, ზურაბ მელიქიშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, ომარ მეგრელიძე, გიორგი კარბელაშვილი და კახა ბუცხრიკიძე იყვნენ.

„პოლიტიკურ ბრძოლაში პარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი“, – უთხრა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს კახეთში გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაზე.

„მოვუწოდებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც არ უნდა, რომ საქართველოში დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი, მოვიდეს მეორე ტურებში, მხარი დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას და ამით მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

„ჩვენ ენერგია არ გამოგვლევია“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ამ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს დაუპირისპირდება მეორე ტურში.

„ჩვენ მთელი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურებში იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, რომ მოახდინოს ძალაუფლების სრული უზურპაცია, აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. გვესმის, რომ ეს არის ძალიან რთული ჭიდილი იმ ძალასთან, რომელიც იყენებს ყველა რესურსს, ძალადობის ჩათვლით“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მეორე ტურები სავარაუდოდ 48 ერთმანდატიან ოლქში გაიმართება, თუმცა ეს რაოდენობა შესაძლოა 50–მდე გაიზარდოს, რაც ზუგდიდის და მარნეულის ოლქების რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის შედეგებზეა დამოკიდებული.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები სულ ცოტა 43 ან შესაძლოა 45 ერთმანდატიან ოლქში მიიღებენ მეორე ტურებში მონაწილეობას.

წინასწარი შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 27.11% მიიღო, რაც პროპორციული სისტემით არსებული 77 ადგილიდან 27 მანდატის მიღებას ნიშნავს.

გარდა იმ 44 ადგილისა, რომელსაც პარტია ქართული ოცნება პროპორციული სისტემით მიიღებს, მისი კანდიდატები, წინასწარი შედეგებით, პირველივე ტურში იგებენ მაჟორიტარულ არჩევნებს 23 ერთმანდატიან ოლქში.

ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას უკვე აქვს 67 ადგილი ახალ პარლამენტში – 9 ადგილით ნაკლები უმრავლესობის მოსაპოვებლად და 46 ადგილით ნაკლები 150–წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)