Site icon Civil.ge

სოხუმში მომხდარი აფეთქების ‘სამიზნე პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო’

მამაკაცი, რომელსაც ორშაბათს დილით სოხუმში ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდა, მას შემდეგ დაიღუპა, რაც აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინ ეს მოწყობილობა აუფეთქდა, განაცხადეს სეპარატისტული რეგიონის ოფიციალურმა პირებმა.

მოგვიანებით იმავე დღეს, სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალურმა პირმა დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ აფეთქების სამიზნე ერთ–ერთი აფხაზი პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით, დაგეგმილზე ადრე მაშინ ამოქმედდა, როდესაც დამნაშავე მას ასაფეთქებლად ამზადებდა.

აფეთქება ორშაბათს დილის 7 საათზე  იმ პარკში მოხდა, რომელიც სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის შენობის მახლობლად მდებარეობს.

სეპარატისტული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ  ორშაბათს დილით განაცხადა, რომ დაახლოებით 35–40 წლის მამაკაცს, რომელიც აფეთქების შედეგად დაიღუპა, თავად მოჰქონდა შრაპნელით აღჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით დაიწყო, რომლებიც ტერორიზმს და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო ტარებას ეხება, განუცხადა სოხუმის პროკურორმა, რუსლან ტირკბამ „აფსნიპრესს“. 

აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობას შეხვდა, საზოგადოებრივ ადგილებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა, იტყობინება მისი პრესსამსახური. 

რუსული საინფორმაციო სააგენტოები, „ინტერფაქსი“ და „სპუტნიკ–აფხაზია“, იტყობინებოდნენ მანამდე ორშაბათს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანზე, მუჰამედ კილბაზე  დაყრდნობით, რომ მამაკაცი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდა, აფხაზეთის მკვიდრი არ იყო. მან ასევე განაცხადა, რომ შრაპნელით აღჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობა იმაზე მიანიშნებს, რომ მისი აფეთქება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იყო დაგეგმილი, რათა მსხვერპლი გამოეწვია, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტელევიზია  ყოფილიყო მისი სამიზნე.

მანამდე ორშაბათს „ინტერფაქსი“ იტყობონებოდა აფხაზეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით: „ერთ–ერთი ვერსიით, მას ასაფეთქებელი მოწყობილობა საბრძოლო მოქმედებაში მოყავდა, რათა აფხაზეთის დედაქალაქის ერთ–ერთი საზოგადოებრივ ადგილას ტერორისტული აქტი განეხორციელებინა, მაგრამ აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიაზე დაიღუპა მას შემდეგ, რაც მოწყობილობა  შემთხვევით მოქმედებაში მოვიდა“.

მოგვიანებით ორშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“, ასევე „სპუტნიკ–აფხაზია“ იტყობინებოდნენ მუჰამედ კილბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მამაკაცი, რომელიც აფეთქების შედეგად დაიღუპა, რუსეთიდან იყო; მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი კრასნოდარის რეგიონის მკვიდრი იყო.

„როგორც გაირკვა, ის 2 ოქტომბერს ჩამოვიდა [აფხაზეთში]. ტერორისტული აქტი, რომლის განხორციელებასაც ის გეგმავდა, აფხაზი პოლიტიკოსის წინააღმდეგ იყო მიმართული“, – განაცხადა კილბამ პოლიტიკოსის დაზუსტების გარეშე.

მან ასევე განაცხადა, რომ მამაკაცი მანამდე აფხაზეთს ზაფხულში სტუმრობდა, „სავარაუდოდ დაზვერვის მიზნით“. კილბას თქმით, გამოძიებაში რუსული მხარეცაა ჩართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)