ქართულმა ოცნებამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურების მოგებით შეეცდება პარლამენტში სამი მეოთხედის უმრავლესობის მოპოვებას, უსაფუძვლო უწოდა წუხილებს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის პერსპექტივას უკავშირდება.
„არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს“, – განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 18 ოქტომბერს.
„პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის, დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციები 2013 წელს“, – განაცხადა კობახიძემ, რომელიც ახალ პარლამენტში პროპორციული სისტემით იქნა არჩეული.
მან ეს განცხადება იმ მიმართვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაახლოებით 40-მა სამოქალაქო აქტივისტმა გაავრცელა, სადაც ისინი ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურების დროს ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. იმ საარჩევნო ოლქების უმეტესობაში, სადაც მეორე ტურები 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ქართული ოცნების კანდიდატები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს უპირისპირდებიან.
- მეორე ტურების წინ ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს მიმართავს უთხრას ‘არა საკონსტიტუციო უმრავლესობას’
მიმართვის ადრესატი შემდეგი რვა პოლიტიკურ პარტიაა: ნაციონალურ მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, სახელმწიფო ხალხისთვის, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი, ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო და ლეიბორისტული პარტიას.
„მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც, გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ“, – ნათქვამია პეტიციაში, რომლის თანახმადაც, საქართველოს უკვე ჰქონდა გამოცდილება, როდესაც 2008–2012 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის, კერძოდ კი ნაციონალური მოძრაობის ხელში აღმოჩნდა.
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პეტიციას „ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია“ უწოდა, რომელშიც, მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან „პირდაპირ ასოცირებული ადამიანები“ ჩაერთნენ. მისი თქმით, „ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი, რადგანაც არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს“.
გარდა იმ 44 ადგილისა, რომელსაც პარტია ქართული ოცნება პროპორციული სისტემით მიიღებს, მისი კანდიდატები, წინასწარი შედეგებით, პირველივე ტურში იგებენ მაჟორიტარულ არჩევნებს 23 ერთმანდატიან ოლქში.
ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას უკვე აქვს 67 ადგილი ახალ პარლამენტში – 9 ადგილით ნაკლები უმრავლესობის მოსაპოვებლად და 46 ადგილით ნაკლები 150–წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად.
ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ერთმანეთს 44 ოლქში მოსალოდნელ მეორე ტურებში დაუპირისპირდებიან. პოლიტიკური პარტიების უმეტესობა თავს იკავებს, რათა თავიანთ მხარდამჭერებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდოს.
მთაწმინდის ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა რურუა დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდება, რომელსაც ქართული ოცნება უჭერს მხარს.
ორ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები თავისუფალი დემოკრატების კანდიდატებს დაუპირისპირდებიან, თუმცა ერთ მათგანში – ქალაქ გორში – ქართული ოცნების კანდიდატი რეალურად უკონკურენტოდ რჩება მას შემდეგ, რაც თავისუფალი დემოკრატების აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის საარჩევნო მარათონს ეთიშება; ამის მიუხედავად, ალასანიას სახელი მაინც დარჩება ბიულეტენზე მეორე ტურის დროს. რეალური ბრძოლა ჭიათურაში გაიმართება, სადაც თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი მეორე ტურში ქართული ოცნების წარმომადგენელს დაუპირისპირდება.
ხაშურის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი მეორე ტურში საარჩევნო ბლოკ "მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" კანდიდატს დაუპირისპირდება.
მცხეთისა და ასევე ლანჩხუთი/ჩოხატაურის ოლქებში ქართული ოცნების კანდიდატების მეტოქეები დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)