Site icon Civil.ge

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა მას შემდეგ, რაც ეს პარტია პარლამენტს მიღმა დარჩა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად და განაცხადა, რომ "აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას" განაგრძობს.

„მივიღე ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა 29 ოქტომბერს ბრიფიგნზე და ამ გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის სხვა ლიდერებთან ხედვების შეუთავსებლობა დაასახელა.

„ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური, ღირებულებითი, ტაქტიკური ხედვები, რომელიც, ჩემი აზრით, ჩემთვის არის მიუღებელი, მაგრამ  ამასობაში, მე მათ რეალიზებას პარტიაში არ და ვერ შევეწინააღმდეგები“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ არსებული ხედვები "კიდევ უფრო შეამცირებს პარტიის გავლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე". 

მან განაცხადა, რომ არ აპირებს რაიმე სამთავრობო პოსტის დაკავებას. 

„ვაგრძელებ ინდივიდუალურ რეჟიმში აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას. უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში მე მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით“, – განაცხადა მან დაკონკრეტების გარეშე და დასძინა, რომ პოლიტიკური გეგმების შესახებ კონსულტაციების შედეგად ისაუბრებს. 

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი და რომელსაც პოლიტიკურ გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი ფუნდამენტური ღირებულებები, ეს იქნება ერთ-ერთი და არა ერთადერთი პარტია, ეს იქნება შეცვლადი და არა შეუცვლელი პარტია“- განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი 1978 წელს დაარსებულ რესპუბლიკურ პარტიას 2005 წლის ივლისიდან რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვიდრე მას თავმჯდომარის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში ხათუნა სამნიძე შეცვლიდა.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნების ფარგლებში მოვიდა, იძულებული გახდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად ეყარა კენჭი, რადგან კოალიციის წამყვანმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ არჩევნებში ცალკე მონაწილეობა გადაწყვიტა. 

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც აგვისტომდე მმართველ კოალიციაში რჩებოდა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 1.55% დააგროვა და ასევე დამარცხდა მისი ყველა მაჟორიტარი კანდიდატი, მათ შორის უსუფაშვილიც, რომელიც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების შემდეგ  მესამე ადგილზე გავიდა საბურთალოს ერთმანდატიან ოლქში ხმათა 11.7%-ით.

უსუფაშვილმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მას რესპუბლიკური პარტიის დატოვება და არჩევნებში ქართული ოცნების რიგებში მონაწილეობა შესთავაზა, რასაც ის არ დათანხმდა. არჩევნების შემდეგ, უსუფაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების თაობაზე საუბრისას განაცხადა: „ბიძინას მოტანილი, ისევ ბიძინამ წაიღო“.

„პარტიის დატოვების თაობაზე მე მიკიჟინებდა ბევრი არჩევნებმადე, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი იმიტომ, რომ პარტიასთან ერთად მე განვლე 25 წელი და მე პარტიასთან ერთად უნდა გავსულიყავი ამ არჩევნებზე. ჩვენ ერთად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ; ამიტომ მე, ამ შემთხვევაში, როგორც პარტიასთან ერთად ჩაძირული არჩევნების შემდეგ, ახლა ინდივიდუალურად გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უახლოეს ხანებში“, – განაცხადა უსუფაშვილმა და ასევე არ გამორიცხა პარტიის სხვა წევრების წამოსვლა რესპუბლიკელებიდან.

„ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას თუ მიტოვებას“, – ხუმრობით უპასუხა მან ჟურნალისტებს მისი მეუღლის თინა ხიდაშელის რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ უსუფაშვილის წასვლას „დიდი დანაკლისი“ უწოდა პარტიისთვის, რომლის „გაძლიერებასაც“, მისი თქმით, დარჩენილი წევრები „ახალი ძალებით“ აპირებენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი "არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და ის უნდა იყოს პოლიტიკაში".

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)