Site icon Civil.ge

კვირას პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები იმართება

30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები 50 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების გამოსავლენად ტარდება.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა სულ 2 229 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც საერთო ჯამში 2 478 042 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიდან გამარჯვება მხოლოდ 23 ოლქში მოიპოვეს კანდიდატებმა ქართული ოცნებიდან.

იმ 50 ოლქში კი, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტურები დაინიშნა საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის მონაწილეობით, რომელთაგან გამარჯვებას მოიპოვეს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს 30 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად.

მმართველ პარტიას მეორე ტურში 50-დან 49 ოლქში ჰყავს თავისი კანდიდატები; გამონაკლისია მთაწმინდის ოლქი, სადაც ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის წინააღმდეგ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს  მხარს.

2 ოლქში – ზუგდიდსა და გორში, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატმა სანდრა რულოვსმა და თავისუფალი დემოკრატები ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები მეორე ტურებიდან, თუმცა ქართული ოცნების კანდიდატებთან ერთად მათი გვარები მაინც არის საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილი.

44 ოლქში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატები უპირისპირდებიან – პირველი ტურის შედეგებით ყველგან ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, გარდა მარნეულისა და ახალციხე/ადიგენის ოლქებისა, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს უკეთესი შედეგი აქვთ.

2 ოლქში – მცხეთაში და ლანჩხუთი/ჩოხატაურში – ქართული ოცნების  კონკურენტები დამოუკიდებელი კანდიდატები არიან.

ჭიათურის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი უპირისპირდება.

ხაშურში კი ქართული ოცნების კონკურენტი არის კანდიდატი „მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ბლოკიდან, რომელიც პირველი ტურის შედეგებით უგებს სახელისუფლებო კანდიდატს.

ამ არჩევნების პარალელურად ასევე იმართება მეორე ტურები აჭარის საკანონმდებლო ორგანოში – უმაღლეს საბჭოში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების გამოსავლენად – ექვსივე ერთმანდატიან ოლქში ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატები უპირისპირდებიან.

ამასთანავე, კვირას იმართება რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლების ასარჩევად – აქაც ყველგან ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

მან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ხოლო საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა, რომ „ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“.

მას შემდეგ, რაც კვირას 20 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, ცესკო გეგმავს შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთოს თავის ვებგვერდზე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც იმავდროულად პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეა, მხარდამჭერებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს მივიდნენ მეორე ტურის არჩევნებზე, გამოხატონ საკუთარი ნება და შემდეგ აუცილებლად მოგვთხოვონ იმ დაპირების შესრულება, რომელიც ჩვენ გავეცით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა 29 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ ქართული ოცნება ახლოსაა „საკონსტიტუციო უმრავლესობასთან, რაც არის ძალიან ძლიერი მანდატი მოსახლეობისგან“.

მეორე ტურები გადაწყვეტს პარლამენტის საბოლოო კომპოზიციას, სადაც ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას 67 მანდატი აქვს  – 9 ადგილით ნაკლები უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად და 46 ადგილით ნაკლები საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად.

ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა ასევე ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც მეორე ტურის წინ კამპანიას ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის საწინააღმდეგოდ აწარმოებდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მძიმე და უთანაბრო ბრძოლა, სადაც ხელისუფლება იყენებს ყველანაირ რესურსს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ვაჩუქოთ 45 ადგილი ხელისუფლებას, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ქვეყანაში უბრძოლველად დავამკვიდროთ ერთპიროვნული მმართველობა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ შაბათს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)