Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნება ხელახლა წარადგენს მთავრობის ლიდერად, განაცხადა, რომ პირადად ის არ არის წინააღმდეგი არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, თუმცა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებაზე უარი თქვა, თუმცა სანაცვლოდ მოამზადა ცვლილებები კონსტიტუციაში, სადაც ამ რეფორმის 2020 წლისთვის განხორციელებას დაპირდა. ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით განხილულია, თუმცა ის კენჭისყრაზე არ დამდგარა.

29 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ის „ვერანაირ საშიშროებას“ ვერ ხედავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაში, თუმცა „ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი“.

„არანაირი წინააღმდეგობა მე პირადად იმის მიმართ, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები იყოს, ანუ დაახლოებით პროპორციულთან ახლოს მდგომი სისტემა, როგორც ეს არის მაგალითად გერმანიაში, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ გამაჩნია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის სამსჯელო" და უნდა იყოს "პოლიტიკური კონსენსუსის საგანი“.

„ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ ისეთი საარჩევნო სისტემა გვქონდეს 2020 წლისთვის, რომელიც ყველანაირ შეკითხვას, სპეკულაციებს გამორიცხავს, რასაც დღეს ვხედავთ“, – აღნიშნა მან.

მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ ხმების 48.68% მიიღო და შესაბამისად, პარტიული სიით 44 კანდიდატი შეყავს პარლამენტში. თუმცა მმართველი პარტია მაჟორიტარული არჩევნების ხარჯზე გაცილებით მეტ მანდატს მიიღებს და შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნაც შეძლოს, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს შეადგენს.

კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა რომ არ ყოფილიყო, ქართულ ოცნებას მიღებული ხმების პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ეყოლებოდა, თუმცა „მაინც გვექნებოდა იმდენი უმრავლესობა, რომ მთავრობა დაგვეკომპლექტებინა კოალიციების გარეშე“. მთავრობის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

‘საკონსტიტუციო ცვლილებების თემა არ უნდა იყოს აჟიოტაჟის საგანი’

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება „ტრაგედია“ ქვეყნისთვის.

მისი თქმით, არსებული კონსტიტუცია „ნამდვილად შესაცვლელია“, თუმცა ეს უნდა იყოს კონსენსუსის შედეგი, რომელზეც „შეთანხმდება საქართველო და არა მხოლოდ ქართული ოცნება და საკონსტიტუციო უმრავლესობა“.

მან გაიმეორა, რომ მომავალი მოდელი, რომლის შინაარსზე რაიმე მინიშნების გაკეთებისგან თავი შეიკავა, სპეციალურ კომისიაში განხილვის შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს და „ამას დაჭირდება დაახლოებით ერთი წელი“.

„ჩვენ ისეთ კონსტიტუციას მივიღებთ, რომელიც ნებისმიერი პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას“, – პირობა დადო კვირიკაშვილმა.

‘მომხრე ვარ ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა’

მისი თქმით, ამ ფართო საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილი იქნება ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრა, რაზეც საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულმა ოცნებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ასახავს. ეს ცვლილებები უკვე ინიცირებული და განხილულია პირველი მოსმენით, თუმცა როგორც კვირიკაშვილმა თქვა, მისი „სასწრაფოდ“ მიღება არ მოხდება.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო კოდექსში ქორწინების არსებული განსაზღვრების კონსტიტუციის დონეზე ატანა განზრახულია „იმიტომ, რომ ძალიან რთული იყოს საქართველოში ამ საკითხის შეცვლა“.

მან განაცხადა, რომ ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინების წინააღმდეგ ამგვარი შეზღუდვის დაწესება „არ არის დისკრიმინაციული“.

„ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან… ჩვენ ვართ დასავლური ინტეგრაციის მომხრე ისე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ საუკეთესო ტრადიციული ფასეულობები და არანაირი ზიანი ამას არ მიადგეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ვერანაირ რისკებს ვერ ხედავს იმაში, რომ ეს ინიციატივა ჰომოფობიურ განწყობებს გააღვივებს, რაზეც ინიციატივის ოპონენტები და ლგბტ უფლებების დამცველი ჯგუფები აპელირებენ. 

‘პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში’

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიღებაც მოქმედ პარლამენტში ვერ მოხერხდა, ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნებას უკავშირდება.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი „მინიმუმ რამდენიმე წლის“ განმავლობაში „არავითარ შემთხვევაში“ არ დადგება დღის წესრიგში.

„დღეს არის იმის საშუალება, რომ საკომიტეტო მოსმენები გაიმართოს თბილისში, ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზირებული რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი ნაციონალური მოძრაობის მიერ კონსტიტუციაში 2011 წლის ივლისში მიღებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა. პარლამენტი ქუთაისში 2012 წლის არჩევნების შემდეგ გადავიდა, თუმცა 2014 წლის სექტემბრიდან ნაწილობრივ დაბრუნდა თბილისში, სადაც მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები იმართებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)