იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოს 6-7 ნოემბერს ეწვევა კავკასიური ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც ის ასევე ეწვევა ბაქოსა და ერევანს, იტყობინება იტალიის საელჩო თბილისში.
პაოლო ჯენტილონი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
შეხვედრების მთავარი თემები, იტალიის საელჩოს ინფორმაციით, ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის, ასევე რეფორმებთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს სვლასთან დაკავშირებული და რეგიონული საკითხები იქნება. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღონისძიებაში „იტალია-საქართველოს პარტნიორობა და ევროპის მომავალი“ ორი ქვეყნის მინისტრების მონაწილეობა.