Site icon Civil.ge

მარგველაშვილი: მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისათვის გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ და „წარმატებაა“.

„მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს  საზოგადოების დაკვეთა იყო“, – განაცხადა მან 31 ოქტომბერს თავის ვიდეო მიმართვაში, „თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება“.

„აქტიურად მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა პარლამენტში მოხვედრილ სამ პარტიას გამარჯვება მიულოცა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 30 ოქტომბერს გამართული მეორე ტურების შედეგად ქართულ ოცნებას 115-წევრიანი საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება ახალ საკანონმდებლო ორგანოში – 44 პროპორციული სისტემით გაყვანილი დეპუტატი და 71 მაჟორიტარი. ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა პარტიული სიით გაყვანილი 27 დეპუტატით შევა პარლამენტში, ხოლო პატრიოტთა ალიანსს 6 პროპორციული მანდატი ექნება.

73 ერთმანდატიანი ოლქიდან, მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ორი მანდატი არ ერგო ქართულ ოცნებას – ერთ მაჟორიტარულ მანდატს მთაწმინდის ოლქში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს, ხოლო ხაშურის ოლქში მრეწველების კანდიდატი მნიშვნელოვანი უპირატესობით ამარცხებს მმართველ პარტიას.