Site icon Civil.ge

მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურებში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ

30 ოქტომბერს, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების პარალელურად ახალციხეში გამართული მერის, ასევე ზუგდიდის, ბოლნისისა და ხარაგაულის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურების წინასწარი შედეგებით ქართული ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომლებიც ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, ახალციხეში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ზედგენიძემ ხმათა 63.22%-ით მოუგო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ერეკლე ერეკლიშვილს (36.78%) მიუხედევად იმისა, რომ ეს უკანასკნელი პირველ ტურში ხმათა 45.98%-ით ლიდერობდა.

დაახლოებით ასეთივე შედეგით პირველი ტურის ლიდერი იყო ასევე ზუგდიდის გამგებლობის  კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან  ბესიკ გაბუნია, რომელიც წინასწარი შედეგებით, მეორე ტურში ორჯერ მეტი სხვაობით მარცხდება ქართული ოცნების კანდიდატთან ლაშა გოგიასთან, რომელიც ხმათა 69.63%-ით იმარჯვებს.

ბოლნისის გამგებლის პოსტს, წინასწარი შედეგებით, ასევე ქართული ოცნების კანდიდატი დავით შერაზადიშვილი (95.26%) დაიკავებს; ხოლო ხარაგაულის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე (76.2%) გახდება – ორივე მათგანი პირველ ტურშიც ლიდერობდა, თუმცა 50%-იანი ბარიერის ვერ დაძლევის გამო მოუწია მეორე ტურში ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებთან.

გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს ასევე ჩატარდა წალენჯიხასა და ჭიათურაში, სადაც პირველივე ტურში მოიგეს ქართული ოცნების კანდიდატებმა.

თავიანთ მუნიციპალიტეტებს გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ მანამ, სანამ 2017 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები გაიმართება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)