Site icon Civil.ge

უსუფაშვილის შემდეგ რესპუბლიკური პარტია კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ „აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას“ გააგრძელებს, კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა რესპუბლიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ხმათა 1.55%-ით პარლამენტს მიღმა დარჩა.

იმ წევრებს შორის, რომლებმაც რესპუბლიკელების რიგების დატოვეს, არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უსუფაშვილი მეუღლე თინა ხიდაშელი, დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე, ფრიდონ საყვარელიძე, ნოდარ ებანოიძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი. ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მთავრობის წევრი აგვისტომდე იყო.  

პარტიიდან წამოსული წევრების უმეტესობა, უსუფაშვილის მსგავსად, შიდა პარტიულ შეუთანხმებლობას ასახელებს მიზეზად, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. პარტიაში დარჩენილი წევრები, აცხადებენ, რომ დასანანია ის დანაკარგი, რაც პარტიამ მიიღო, თუმცა აღნიშნავენ, რომ ახალი ძალებით აპირებენ მის გააძლიერებას.

დავით უსუფაშვილმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანას „აუცილებლად“ სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, ვინაიდან „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სისტემა დაიცალა პოლიტიკური პარტიებისგან“ და „პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გამოვიდა“. მისი თქმით, ის მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში „ახალი პოლიტიკური გუნდის“ შეკრების მიზნით კონსულტაციებს გამართავს ინდივიდუალურ ადამიანებთან და არა პოლიტიკურ პარტიებთან.

უსუფაშვილმა მიანიშნა, რომ ახალი პოლიტიკურ ძალას, ჩამოყალიბების შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემის მოწყობის გრძელვადიანი მიზნები უნდა ჰქონდეს და ფოკუსირებული იყოს 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაზე. 

„პარტიებს არავის არ ველაპარაკები, მაგრამ ადამიანებს ყველას დაველაპარაკები, ვისაც ამის სურვილი ექნება“, – განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში, „ამ ქვეყანაში არის იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე დღეს აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული, იმისთვის, რომ საქართველოში გაჩნდეს ახალი პოლიტიკურ ძალა“. 

მისი თქმით, პირველი, ვისთანაც „ახალ პოლიტიკურ პროექტში“ მონაწილეობაზე გაესაუბრება, რესპუბლიკური პარტიიდან წამოსული მისი თანაგუნდელები იქნებიან.

კითხვაზე, რესპუბლიკური პარტიიდან მისი წამოსვლა და მოსალოდნელი ახალი პარტია, ხომ არ არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, უსუფაშვილმა უპასუხა:  „ბიძინა ივანიშვილს აქვს თუ არა სურვილი, რომ ოცნებას შეუქმნას ოპოზიცია? მე არ გამოვრიცხავ ამას და მე პირიქით, არათუ გამოვრიცხავ, თითქმის მჯერა, რომ მას ასეთი სურვილი ალბათ აქვს“. 

„მაგრამ, მე ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით პოლიტიკური ცხოვრება რომ დამენახა ჩემს წინ, მაშინ ამას რაღაცა ცოტა უფრო მარტივი ფორმით დავთანხმდებოდი“, – განაგრძო მან იმ შეთავაზებაზე მინიშნებით, რომელიც, მისი თქმით, ივანიშვილისგან არჩევნებამდე მიიღო რესპუბლიკური პარტიის დატოვებისა და არჩევნებზე ქართულ ოცნებასთან ერთად გასვლის თაობაზე, რასაც უსუფაშვილი არ დათანხმდა, „არ ვარ არც ადამიანურად და არც პოლიტიკურად მაზოხისტი, რომ ასეთი ჩახლართული ამბებით მევლო და მივიდე იქამდე, რომ ივანიშვილის შექმნილი ოპოზიცია გავხდე“.

მან ასევე უარყო მედიაში გავრცელებული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მომავალი პოლიტიკური საქმიანობის დაკავშირებას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან აპირებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ასევე უარყო პრეზიდენტის პარტიული კუთხით გააქტიურების შესაძლებლობა.

„პრეზიდენტი მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე პრეზიდენტის ფრთის ან საფარქვეშ არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა არ განიხილება“, – განაცხადა მიშველაძემ და დასძინა, რომ „ცუდია“ ის, რაც ხდება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში.  

რესპუბლიკური პარტია არ არის პირველი, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლიდერებმა დატოვეს. მას შემდეგ, რაც „თავისუფალი დემოკრატების" დამფუძნებელმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მართალია პარტიაში რჩება, თუმცა პოლიტიკიდან დროებით მიდის,  „თავისუფალი დემოკრატების“ რამდენიმე ლიდერმა ასევე დატოვეს ეს პარტია.

რესპუბლიკელებიც და „თავისუფალი დემოკრატებიც“ ხელისუფლებაში ქართულ ოცნებასთან კოალიციაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, თუმცა ალასანიას გუნდმა კოალიცია 2014 წლის შემოდგომაზე დატოვა, რესპუბლიკური პარტია კი 2016 წლის ზაფხულში გახდა იძულებული მას გამოყოფოდა, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა და შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო ახალ პარლამენტში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)